საბერძნეთში დიანა ბერიძის მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

საბერძნეთში დიანა ბერიძის მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილითესალონიკში ბერძენი ექიმი თავის მსხვერპლს, ქართველ ემიგრანტ ქალს, სოციალური ქსელების მეშვეობით ოპერაციის გაკეთებაზე დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა, რაც წინასწარ განზრახულ მკვლელობაზე მიანიშნებს.

ამის შესახებ, ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით, ქართველი ემიგრანტი გია კვარაცხელია იუწყება.

“ბერძნული ტელეარხ “ალფას” საღამოს ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებული იქნა 3 შვილის დედის, თესალონიკიში მცხოვრები 36 წლის ქართველი ქალის მკვლელობის დამატებითი დეტალები:

ჟურნალისტ ადონის სროიდერს ესაუბრა მოკლული დიანა ბერიძის მეგობარი, ბერძენი ფარმაცევტი კატერინა სიოტა, რომელმაც განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა (ანგიოქირურგის და პაციენტის), სოციალური ქსელის მეშვეობით საკმაო ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ექიმი დაჟინებით მოუწოდებდა მას ოპერაციის გაკეთებას (კოსმეტიკური მიზნებით და ქათინაურებით) და ბოლოს, დაიყოლია ოპერაციაზე, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, წინასწარ განზრახულ მკვლელობასთან ან წინასწარდაგეგმილ ძალადობასთან გვქონდეს საქმე.

ქალბატონი სიოტა ძალზე დადებითი სიტყვებით ახასიათებს დიანა ბერიძეს სიცოცხლეში და აღნიშნავს, რომ ის უსათნოესი ქალი იყო და სამსახურის, სახლის და ოჯახის გარდა, სხვა არაფერი აინტერესებდა, – წერს სოციალურ ქსელში გია კვარაცხელია.

26 აპრილს მოკლული ქალის გვამი 3 მაისს იპოვეს ხალკიდიკის სოფელ პალიურის (თესალონიკიდან 120 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით) მიდამოებში, ხრწნის წინწასულ სტადიაში.

ქალის ორგანიზმში აღმოჩენილი იქნა საანესთეზიო ნივთიერების კვალი. ბრალდებული დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი.

ბრალდებულმა პროკურორთან ბრალის აღიარების ვადის გადადება ორშაბათამდე მოითხოვა.

pia.ge