შალვა ხაჭაპურიძე: “მურუსიძემ ენა გააჩუმოს!”

შალვა ხაჭაპურიძე: "მურუსიძემ ენა გააჩუმოს!"– მურუსიძე რომ არის დღევანდელი სასამართლოს სახე, ასევე ჩინჩალაძე, ცერცვაძე და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. იქ არის ძალიან მცირე ნაწილი მოსამართლეების, რომლებიც იმსახურებენ სისტემაში დარჩენას. დღეს იმდენად უავტორიტეტო შეიქმნა ეს სისტემა, რომ ეს ჯგუფი მიხვდა, აქ თუ რაიმე ღონისძიებები არ გატარდება, საერთოდ ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგავს აზრს. სასამართლო გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ იგი უნდა ემყარებოდეს კანონს, ასევე უნდა ემყარებოდეს ზნეობას და აუცილებელია, მას ჰქონდეს ავტორიტეტი საზოგადოებაში, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე.

მისი აზრით, მოსამართლეს საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს.

– მურუსიძეს ძალით ვერავის შევაყვარებთ. ნაცვლად იმისა, რომ მას ვიღაცამ ურჩიოს, გაჩუმდეს, გამოდის და მჭევრმეტყველებს. ენა მაინც გააჩუმოს! მე რომ არ გამომეტანა გირგვლიანის საქმეზე ეს გადაწყვეტილება, სხვა გამოიტანდაო. რა უბედურებაა ეს, ხალხო?! თურმე არც უნდა გამოხვიდე და ლაზათიანად არ უნდა შეუკურთხო.

დღეს უზენაეს სასამართლოში არის ჩინჩალაძე, რომელსაც ოფიციალურად აქვს ნათქვამი სასამართლო პროცესზე, მე დუმილის უფლებას ვიყენებო, როცა მას აზრი ჰკითხეს. ისიც კი არ იცოდა, რომ დუმილის უფლება მხოლოდ ბრალდებულს ჰქონდა. ასეთ მოსამართლეებთან გვაქვს საქმე, ესეც არ ვთქვათ?! ამაზეც არ ვილაპარაკოთ?! – აცხადებს ხაჭაპურიძე.

შალვა ხაჭაპურიძე არ ეთანხმება  მამუკა ახვლედიანის განცხადებას, რომ გვენეტაძე ზეწოლას ახდენს მოსამართლეებზე.

– ეს ახვლედიანის ფანტაზიის ნაყოფია. ნეტავ ნინო გვენეტაძისნაირი მოსამართლე ბევრი ჰყავდეთ. უკაცრავად და თვითონ ახვლედიანი რეჟიმის დროს არ იყო მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე?! თუ ჩამოვუთვალო, რა საშინელი გადაწყვეტილებები აქვს გამოტანილი იმავე რუსთავის სასამართლოში, რომ დაჯდება ამ რუსთავი 2-ში და დგამს სპექტაკლებს! – განაცხადა „ახალ თაობასთან“ შალვა ხაჭაპურიძემ.