თორნიკე კაჭარავა – ”ფეხსაცმელების გახდა დამიწყეს… ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა”

თორნიკე კაჭარავა - ”ფეხსაცმელების გახდა დამიწყეს... ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა”საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარმა თორნიკე კაჭარავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

კაჭარავა აცხადებს, რომ მისთვის თავდაპირველად იარაღის ჩადება უნდოდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

– შსს-ში როცა მიმიყვანეს, მითხრეს სახელმწიფოსთან ბრძოლაში ვერ მოიგებო, – აცხადებს ბრალდებული.

მისი თქმით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები არავის წარუდგენია.

სასამართლო სხდომაზე ანა მარგველაშვილის მეგობარმა კონკრეტული პოლიციელის სახელი დაასახელა და თქვა, რომ დავით კიკნაძის მხრიდან დაკავებამდე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მასზე ზეწოლას.

– საავადმყოფოში ანალიზების გასაკეთებლად ვიყავი. გარეთ რომ გავედი, დავით კიკნაძე შემხვდა. შემდეგ რამდენიმე ადამიანი მომეპარა და დამაგდეს ძირს. მითხრა კიკნაძემ – კაჭარავა, დაწექი ძირს, იარაღს ინახავო. მივხვდი, რომ იარაღის ჩადებას აპირებდნენ და ვუთხარი, არავითარი იარაღი არ მაქვს, საავადმყოფოში ვიყავი, სადაც წელს ზემოთ გახდილი მქონდა და შანსი არაა, იარაღი მქონდესთქო. ამის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და რამდენიმე ქუჩის მოშორებით გადამიყვანეს. როცა გაჩერდა მანქანა, ცოტა ხანი ზოგად თემებზე მელაპარაკებოდნენ, შემდეგ კი ერთ ფეხზე ფეხსაცმლის გახდა დამიწყეს იძულების წესით. ამ დროს ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა, – განაცხადა კაჭარავამ.

თორნიკე კაჭარავას გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება.

როგორც ,,ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კაჭარავა გუშინ დააკავეს. განცხადება, რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ანა მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში 21 მარტს გააკეთა. პრეზიდენტის შვილი ამბობდა, რომ კაჭარავა დაჭერის საშიშროების გამო სახლიდან არ გამოდიოდა.