”თორნიკე კაჭარავას ლიკვიდაცია ზურაბ ადეიშვილს უნდოდა” – რას ყვება დაკავებულის ბიძა

”თორნიკე კაჭარავას ლიკვიდაცია ზურაბ ადეიშვილს უნდოდა” - რას ყვება დაკავებულის ბიძათორნიკე კაჭარავას დაკავებას და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მისი ბიძა მამუკა ტყეშელაშვილი პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს.
როგორც ტყეშელაშვილმა აღნიშნა, 6 წლის განმავლობაში იყო შემოთვლები კაჭარავას მიმართ, რომ ემუქრებოდა საფრთხე და დაიჭერდნენ.

ეს შემოთვლები ბოლო 6 თვის განმავლობაში უფრო გააქტიურდა. მისივე თქმით, კაჭარავას დაკავება უკავშირდება წინა ხელისუფლების ერთგულ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლებიც უწყებაში ჯერ კიდევ შემორჩნენ.
– ნაციონალების დროიდან ჩანერგილები ასრულებენ ამას. ალბათ ამის შემსრულებელი ახალი კადრები არ მოიძებნება და იყენებენ ამ ძველ კადრებს. პირადი ანგარიშსწორებაა ეს ყველაფერი. ზუსტად ვიცი, რომ ადეიშვილის პირადი დავალება იყო თორნიკეს ლიკვიდაცია და ახლაც გრძელდება იგივე დევნა იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც დარჩა ნაციონალების დროიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ხუთკაციანი ჯგუფია და ყველას სახელებსა და გვარებს დავასახელებ მოგვიანებით, – განაცხადა მამუკა ტყეშელაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის შვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება კაჭარავას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება.

ინტერპრესნიუსი