“ციანიდის საქმეში ინტიმური მასალა დევს, რომელიც როგორც ბრალდებულ დეკანოზს, ასევე მესამე პირს ეხება”

"ციანიდის საქმეში ინტიმური მასალა დევს, რომელიც როგორც ბრალდებულ დეკანოზს, ასევე მესამე პირს ეხება"თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა დღეს შეწყდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი გადაწყვეტილების მიზეზად ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მიერ პროტესტის ნიშნად, სხდომის დატოვებას ასახელებს.
სასულიერო პირმა სასამართლო სხდომის დახურვის გამო პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. მან ადვოკატებსაც მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ.

პროცესის დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა,

პროკურორის თქმით, ციანიდის საქმეში დევს ინტიმური მასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე მესამე პირს ეხება.

პროკურატურის წარმომადგენლის სკანდალური განცხადება, სასამართლო სხდომაზევე გააპროტესტა დაცვის მხარემ. გიორგი ფანცულაიამ თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინტიმური ვიდეომასალით აშანტაჟებენ.

ციანიდის საქმის პროკურორის, განცხადებით კი ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა იცრუეს, როდესაც თქვეს, რომ დაკავებულ გიორგი მამალაძეს ინტიმური ვიდეომასალის გამოქვეყნებით აშანტაჟებენ.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, საუბარია მხოლოდ ინტიმური დეტალების არსებობაზე და არა კონკრეტულ ვიდეოზე.

პროკურატურის განცხადებას იმეორებს საუკუნის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძეც.

მისი თქმით, ციანიდის საქმეში ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს და ამ ინფორმაციის გავრცელება დაკავებულის უფლებადამცველების “ბინძური ფანტაზიის ნაყოფია”.

“ნიუპოსტთან” საუბრისას მამალაძემ დეკანოზის ადვოკატები, სახელმწიფოს, ეკლესიისა და მოწმეების შანტაჟში დაადანაშაულა.

– დეკანოზის საქმეში ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს, ეს არის დაცვის მხარის მხრიდან სპეკულაცია, ისინი აშანტაჟებენ სახელმწიფოს, საპატრიარქოს და მათ შორის მოწმეებს. ავადმყოფური და ამორალური აზროვნების შედეგად შეიძლება მსგავსი ინფორმაციის გაჟღერება. კადრი არ არსებობს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, პირადად ისაუბრებ, როგორც შენი ასევე სხვის პირად ცხოვრებაზე… ეს არის ადვოკატების ავადმყოფური ფანტაზიის ნაწილი, – უთხრა “ნიუპოსტს” ირაკლი მამალაძემ.

პროკურატურის მთავარი მოწმე სხდომის სრულად დახურვას მიესალმება.

– ნაწილობრივ რომ დაეხურათ სხდომა, მაშინ იტყოდნენ – აი, დახურულ ნაწილში იმალება ძაღლის თავიო, მაგათ სპეკულაციებს სასამართლომ ბოლო მოუღო, – თქვა მან.

ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ ბრალდებულმა ინტიმურ დეტალებზე მასთან, როგორც “მეგობართან”, ისაუბრა.

– აქ არის ჩანაწერები, საქმიანი შეხვედრები, რომლებიც მამაოს მხრიდან ციანიდის მოძიებას უკავშირდება, ის საუბრობს ბევრ რამეზე, მესაუბრება მე, როგორც ჟურნალისტს, მეგობარს, საუბრობს გარკვეული პირების პირად ცხოვრებაზე და ასევე მის პირად ცხოვრებაზე – განაცხადა ჟურნალისტმა.

“ნიუპოსტი” დაინტერესდა, დეკანოზის ინტიმური ცხოვრება საქმესთან რა კავშირშია, რაზეც პროკურატურის ოქროს მოწმემ თქვა:

– სრულად ხომ უნდა გასაჯაროვდეს აღნიშნული ფირები?! რომ არ გასაჯაროვდეს, აქ დაცვის მხარე იტყვის, რომ მთავარი ამბავი დახურულ რეჟიმში განიხილეს, ამიტომ საქმის მოსამართლე ამ მტკიცებულებებს დახურულ რეჟიმში მოისმენს, ინტიმურ საკითხებსაც და დანაშაულებრივ ქმედებებსაც, ციანიდის მოძიებასაც და გამოიტანს გადაწყვეტილებას, – აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს.

დეკანოზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით აიყვანეს. პროკურატურის მტკიცებით, ჩხრეკისას დეკანოზის ბარგიდან შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“ ამოიღეს.

თბილისის აეროპორტში მის დაკავებას კატეგორიულად უარყოფს ბრალდებული. სასამართლოზე დეკანოზმა მამალაძემ აღნიშნა, რომ მისი დაკავება აეროპორტში არ მომხდარა.

მეტიც, მამალაძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ დაკავებისას მას ხან პატრიარქის მკვლელობის აღიარებას, ხანაც სხვა სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობას სთხოვდნენ.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა: “მოქალაქის თქმით, გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდი, რათა “მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა”.

27 აპრილს კი საქმეზე პროკურატურამ თქვა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. უწყების ცნობითვე, მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 30 მაისს დაინიშნა. თვის ბოლოს მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან.