უნდა იყოს თუ არა დასჯადი მოსამართლის შეურაცხყოფა და ზღვარს გადასული კრიტიკა? “ახალმა თაობამ” ამ კითხვით ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტ ზაზა ხატიაშვილს და უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილს მიმართა.
– ეს არის იუსტიციის საბჭოს მორიგი უკანონობა. მორიგი უზნეობა, რაც მათ სურთ, რომ დააკანონონ. გამოხატვის თავისუფლება არის აღიარებული კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეათე მუხლით.
ყველამ კარგად იცის, რომ ეს ფეოდალური ხელისუფლება, სანამ ოპოზიციაში იყო, გვპირდებოდა ყველა იმ მოსამართლის გასამართლებას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი იყო. ჩინჩალაძე, მურუსიძე და ცერცვაძე იყო ყველაზე მიუღებელი ე.წ. “ტროიკა”, რომლის წინააღმდეგაც სამოქალაქო საზოგადოება ქუჩაში გამოვიდა და თქვა, რომ აღარ გვინდა სააკაშვილის ხელისუფლება.
ყველაზე დიდი სიბინძურე, რაც გააკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ, არის ის, რომ ეს ადამიანები დაგვასვა თავზე! ამათ მისცა უფრო მეტი ხელშეუხებლობის გარანტია, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
მისი აზრით, როცა მურუსიძე სასამართლოს სახეა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა არ არსებობს!
– დღეს სასამართლო არის ყველაზე დისკრედიტებული ორგანო მთელ ქვეყანაში! ეს არის ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების სირცხვილი, რომ ლევან მურუსიძე ხელმეორედ დაინიშნა და მას მისცა ხმა ბიძინა ივანიშვილის პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოში არჩეულმა სამმა სამარცხვინო წევრმა: ევა გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ!
მე არ მახსენდება, რომ ეს ადამიანები ჩვენთან ერთად მდგარიყვნენ ქუჩაში და ებრძოლათ. ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის კეთილგანწყობით მოხვდნენ სამოქალაქო საბჭოში და სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს. ამ სამმა ადამიანმა განცხადებაც გააკეთა, ჩვენ ვიცოდით ლევან მურუსიძის არასახარბიელო რეპუტაციის შესახებ, მაგრამ მაინც ხმა მივეცით იმიტომ, რომ მოსამართლეებში ჰქონდა მაღალი ავტორიტეტიო. მათ აღიარეს, რომ კანონდარღვევა ჩაიდინეს, – განუხადა „ახალ თაობას“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
ევა გოცირიძეა ინიციატივის ავტორი, რომელიც აცხადებს, რომ იცავს გამოხატვის თავისუფლებას დისკრედიტაციისაგან.
ზაზა ხატიაშვილი:
– ევა გოცირიძე სრულიად გამოსულია სამართლებრივი სივრციდან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მისი კანდიდატურა ჩავარდა. ევა გოცირიძის ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე მე ვრწმუნდები, რამხელა შარს ავაცილე საქართველო, როდესაც ვიბრძოდი, რომ ეს ადამიანი ევროპის სასამართლოში არ მოხვედრილიყო.
თეა წულუკიანმა ლამის ეშაფოტზე გადამცა, ზაზა ხატიაშვილმა ჩამიგდო ასეთი უდიდესი კანდიდატურაო. ეს ხელისუფლება არის კოლექტიური გოცირიძეები და მურუსიძეები! ის ხალხი, ვინც ადამიანებს აწამებდა, დააწინაურეს! სააკაშვილის რეჟიმის საყრდენები გადაარჩინეს და თავზე დაგვასვეს!
ლევან მურუსიძეს ჩადენილი აქვს უკანონობა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება და ეს ადამიანი უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე!
გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ნაცვლად იმისა, რომ მოეთხოვა ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება, ეს რა კაცი გავიცანიო, მურუსიძეზე თქვა. სწორედ მაშინ მოხდა შეთანხმება ივანიშვილსა და მურუსიძეს შორის. სწორედ მურუსიძის მეშვეობით უნდა დაემორჩილებინა სასამართლო სისტემა.

