ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს აკურის ღვინის ქარხნის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ

ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს აკურის ღვინის ქარხნის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათაკურის ღვინის ქარხნის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად, ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მერაბიშვილს, ასევე ამნისტიის გათვალისწინებით, 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა.

ადეიშვილის ადვოკატი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს, მისი თქმით დღევანდელი განაჩენის გასაჩივრების საკითხს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს. კომენტარი არ გაუკეთებია პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილს.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და შსს-ს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სსსკ-ის 333-ე მუხლით ედებათ.

ბრალდების მიხედვით 2004 წელს ღვინის ქარხნის, “აკურას” მეპატრონეებს, თეიმურაზ მეგრელიშვილსა და ნოდარ მოდებაძეს მათი ქონების უსასყიდლოდ დათმობა სწორედ ადეიშვილმა და მერაბიშვილმა აიძულეს. ამ საქმეზე პროკურატურის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების დეპარტამენტმა გამოძიება 2015 წელს დაიწყო.

ნიუპოსტი