ქართველი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ საპროტესტო აქციებს თბილისიდან გაუჩინარებული, აზერბაიჯანში დაკავებული აფგან მუხთარლის მიმართ სოლიდარობის გამო. გამოძიებას ჯერჯერობით არ გაუცია პასუხები ამ საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.
ამასობაში აზერბაიჯანელი უფლებადამცველები ბაქოში საუბრობენ სხვა პოლიტდევნილებსა და პოლიტპატიმრებზე და მათ საქართველოსთან აკავშირებენ.
ამ დღეებში აზერბაიჯანში წინასწარი დაკავების საკანში გარდაცვლილი ნახეს აზერბაიჯანის ხელისუფლების აქტიური ოპონენტი მეხმან გალანდაროვი. გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამის გამო იზოლატორის ორი თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან.
თვითმკვლელობის ვერსიის ყველას არ სჯერა. თვითმკვლელობის შემთხვევაშიც და მაშინაც, თუ ის მოკლეს, ალიევის პოლიტპატიმრების დამცველები ამაში საქართველოს კვალს ხედავენ.
აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, ელშან ჰასანოვის განცხადებით, მეხმან გალანდაროვი იდევნებოდა. მან თავშესაფარი ითხოვა საქართველოში, რაზეც უარი მიიღო. გალანდაროვი იძულებული იყო, დაბრუნებულიყო აზერბაიჯანში, სადაც დააპატიმრეს.
მისი ინფორმაციით, საგამოძიებო ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის “გატაცებამდე” საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე გეზლალ ბაირამლი. იგი ბაქოში დაბრუნებისთანავე დააკავეს.
აზერბაიჯანელი უფლებადამცველები საქართველოში აზერბაიჯანელ აქტივისტებსა და ოპოზიციონერებზე ზეწოლას სპეციალურ ანგარიშს მიუძღვნიან.
ელშან ჰასანოვის თქმით, მეხმან გალანდაროვის, აფგან მუხთარლის, გეზლალ ბაირამლის ისტორიების გარდა, საქართველოში სხვა საგანგაშო ფაქტებიც მოხდა. იგი ამ კონტექსტში ახსენებს კლინიკა “ლანცეტის” დამფუძნებელ ფარმან ჯეირანლისაც:
– საქართველოში არის სხვა საგანგაშო ფაქტებიც. საქართველოში ცხოვრების ნებართვა გაუუქმეს აქტივისტ დაშგინ აგალაროვს, ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს აქტივისტ ვიდადი ისკენდეროვს, დაპატიმრებულია ექიმი ფარმან ჯეირანოვი.
აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა დაცვის ცენტრმა შესწორება შეიტანა პოლიტპატიმართა სიაში. არსებულ ნუსხას დაემატა 4 ახლად დაპატიმრებული და გამოაკლდა წინასწარი დაკავების იზოლატორში დაღუპული მეხმან გალანდაროვი. ამჟამად აზერბაიჯანში 165 პოლიტპატიმარია აღრიცხული.
აზერბაიჯანის პოლიტპატიმართა დაცვის ცენტრი 27 იანვარს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩამოაყალიბა.
ამ ცენტრში გაერთიანებული ალიანსის “აზერბაიჯანი პოლიტპატიმრების გარეშე” ხელმძღვანელი ოგტაი გიულალიევი აღნიშნავს, რომ საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ზეწოლის გაძლიერება ორი თვის წინ დაიწყო.
ამ პერიოდს უკავშირდება ასევე ბაქოში ინტერნეტტელევიზია “კანალ 13”-ის დამფუძნებლის, აზიზ ორუჯევის დაკავება, ასევე დაბა ნარდარანში ნატიგ შახბაზოვის აყვანა. შახბაზოვი ოჯახის მეოთხე წევრია, რომელსაც პოლიტპატიმრის სტატუსი მიეკუთვნა. დანარჩენები 2015 წლის ნოემბერში ნარდარანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
– ამ ადამიანთა სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივები ეჭვს არ იწვევს. ისინი შეესაბამება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ პოლიტპატიმრის ცნების კრიტერიუმებს, – აცხადებენ აზერბაიჯანელი უფლებადამცველები.

