ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე პატიმრობაში დატოვეს

ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე პატიმრობაში დატოვესგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

დავით ხარშილაძეს თავდებში დაუდგა„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც გარანტორი იყო, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და ხარშილაძის გათავისუფლების შემთხვევაში, ის მართლმსაჯულებას არ მიემალებოდა.

საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

გაზეთ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი 13 მარტს დააკავეს. 28 წლის დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია 2 შეკვრა ფხვნილი და აბები.

ელისო კილაძე კი ამბობს, რომ მის შვილს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

თბილისის პროკურატურამ დავით ხარშილაძის დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მარტის ბოლოს დაიწყო. ეს გამოძიება შეწყდა.

აღნიშნულის შესახებ პროკურორმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. პროკურორმა თბილისის პროკურატურის დადგენილების საქმის მასალებისთვის დართვა იშუამდგომლა. დადგენილების თანახმად, დავით ხარშილაძის დაკავებისას პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტება არ გამოვლინდა.
გამოძიების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას დაცვის მხარის უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, დადგენილების თანახმად, გამოძიება 18 მაისს შეწყდა და პროკურატურამ ის 14 ივნისს გაასაჯაროვა. დაცვის მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დავით ხარშილაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარია.
ამასთან, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მომდევნო პროცესზე დადგება დავით ხარშილაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი და შესაბამისად, ვინაიდან ეს საქმე, ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების იდენტურია, სასამართლომ აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს ხარშილაძე.
– ეს იქნება ტესტი სასამართლოსთვის, მართლმსაჯულება დამოკიდებულია თუ არა ბერას სტატუსებზე. ჩვენ აუცილებლად დავაფიქსირებთ ამ პოზიციას, – განაცხადა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.