კახა კუკავა: “აფგან მუხთარლი ბიზნესინტერესებში გაიცვალა”

კახა კუკავა: "აფგან მუხთარლი ბიზნესინტერესებში გაიცვალა"თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საუბრობს და “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ბაქოში დიდ ფულს აკეთებს.

– ძალიან ღია და აშკარაა, რაც მოხდა, თუმცა პირდაპირი მტკიცებულებები დაიდება მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება აღარ იქნება, როდესაც მთავარი პროკურორი იქნება ისეთი ადამიანი, რომელიც ივანიშვილზე არ იქნება დამოკიდებული. აი, მერე ამ დეტალებზე ყველა ილაპარაკებს, – აცხადებს კახა კუკავა.

მისი აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავება ჩინოვნიკების ბიზნესინტერესებში შედის.

– საქართველოს კორუმპირებული მთავრობა, წინაც და დღევანდელიც, ბაქოში აკეთებს ძალიან დიდ ფულს. მათ აქვთ ბიზნესკავშირები, იქიდან მომავალ ტვირთებზე ტარიფების დაწესება და ასე შემდეგ. სავარაუდოდ, მუხთარლის იქ ექსტრადიცია გაიცვალა იმაში, რომ რომელიღაც ქართველმა, კორუმპირებულმა ჩინოვნიკმა და მისმა ბიზნესმა მიიღო ბაქოში გარკვეული პრივილეგია ხელი ხელს ჰბანს პრინციპით. ამაში ორი აზრი არ არის!  – განუცხადა „ახალ თაობას“ ჯკახა კუკავამ.