იურისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატებზე საუბრობს, რომლებიც მთავრობამ უკვე შეარჩია.
– ამ კონკურსის წინარე პერიოდი როგორ სამარცხვინოდ განვითარდა ჩვენი სახელმწიფოსთვის, ყველას კარგად ახსოვს. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო ფაქტი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გვითხრა, ამ გზითა და ამ მეთოდებით შერჩეული კანდიდატები ჩვენთვის მიუღებელიაო. ამიტომ საჭირო გახდა კონკურსის ხელახლა გამოცხადება და ხელახლა კანდიდატების შერჩევა.
ლევან ალაფიშვილისთვის გაურკვეველია რა ნიშნით შეარჩიეს ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.
– ჩემთვის ამოუხსნელია, რომელი კრიტერიუმებით მიიღო დაბალი მაჩვენებელი კოტე კორკელიამ?! რა დაუწუნეს მას, სამართლის ცოდნა, ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის გამოცდილება, ენების ცოდნა?! შეიძლება ვიღაცისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა ქვეყნის სამსახური, არამედ პარტიისთვის სამსახურის გაწევა.
რა ნიშნით გაკეთდა არჩევანი, მაგალითად, კოტე კორკელიასა და შოთა გეწაძეს შორის გეწაძის სასარგებლოდ?! ეს კითხვა ნამდვილად მაქვს. რა ნიშნით შეირჩა შოთა გეწაძე? იმ ნიშნით ხომ არა, რომ მოქმედი მოსამართლეა და უფრო მეტიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია? ეს ხომ არ არის კრიტერიუმი სტრასბურის მოსამართლეობისთვის? – აცხადებს ალაფიშვილი.
მისი განცხადებით, თუ ხელისუფლება ჩახედავდა სტრასბურის სასამართლოს წინა რეკომენდაციას, რა გახდა კანდიდატების ჩავარდნის მიზეზი, მიხვდებოდა და ეს მისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა ყოფილიყო.
– გამჭვირვალე პროცედურები, ჯანსაღი კრიტერიუმები კვლავ პრობლემად რჩება. ეს ნამდვილად არის გულდასაწყვეტი. იმ სამარცხვინო ფაქტის შემდეგ, როდესაც ჩვენი ვერცერთი კანდიდატი ვერ გავიდა და უარი გვეთქვა, ეს პროცედურები ნამდვილად უნდა გამოსწორებულიყო, – აცხადებს ალაფიშვილი.
რა მოლოდინი აქვს იურისტს სტრასბურგის სასამართლოსგან?
– პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ გამიხარდება, თუ შევცდები. დადებითი მოლოდინი არ მაქვს იმიტომ, რომ იმ სამარცხვინო ჩავარდნას დაემატა რუსთავი 2-ის საქმის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურის სასამართლომ მიიღო.
სტრასბურგის სასამართლო ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ პროცედურების დემოკრატიულად ჩატარებას ექცევა. თუკი მათ ექნებათ შესაბამისი პრეტენზიები, კვლავ მიგვითითებენ და გვეტყვიან, ეს არ იყო სწორად, დემოკრატიული სტანდარტის დაცვით გაკეთებულიო და ა.შ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში როდესაც გადაინაცვლებს პროცესი, იქ უკვე პოლიტიკაც ჩაერთვება, – აცხადებს ალაფიშვილი.

