შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონის ლევან მაყაშვილის ოჯახმა აშშ-ში მისი დაკავების შესახებ ტელევიზიით შეიტყო.
ამ დრომდე მათ ოფიციალურად არავინ დაკავშირებია. ლევან მაყაშვილის მამა ლერი მაყაშვილი დარწმუნებულია შვილის უდანაშაულობაში და ფიქრობს, რომ ეს გაუგებრობაა. მას მიაჩნია, რომ ლევან მაყაშვილი შემთხვევით დააკავეს.
მაყაშვილი უკვე 4 წელია აშშ-ში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 1 თვის წინ, მოსკოვში ჩატარებული ბრძოლების შემდეგ, ის საქართველოში იყო ჩამოსული. ლერი მაყაშვილის ინფორმაციით, მას აქამდე სამართალდამცველებთან პრობლემები არ ჰქონია.
რაც შეეხება ავთანდილ ხურციძესთან ლევან მაყაშვილის ურთიერთობას, მამის განცხადებით, ისინი მეგობრობდნენ და პერიოდულად ერთად ვარჯიშობდნენ.
ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდნენ. მათი საქმიანობა უკანონო სატვირთო გადაზიდვებს და უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მოიცავდა.
დაკავებულებს შორის 15 ქართველია, რომელთა შორის შესაძლოა ქართველი სპორტსმენებიც იყვნენ. ეჭვები ამერიკის შეერთებულ შტატების უსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილმა საქართველოს მოქალაქეების სახელ-გვარებმა გააჩინა: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.
ქართველ სპორტსმენთა ნაწილი მოკრივეების, ავთანდილ ხურციძის და ლევან მაყაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს. “ისინი გაუგებრობაში მოყვნენ”, – ამბობენ სპორტსმენები.
ავთანდილ ხურციძის ოჯახს ინფორმაცია არ აქვს. თავად ხურციძე კი ნიუ-იორკში მის დაკავებას გაუგებრობას უწოდებს.
imedinews.ge

