„პირში ყ…ეს ჩაგიდებ და ისე გამღერებ, შე მუ…ლოო“ – რა წერია ბირჟა მაფიის წევრის, გიორგი ქებურიას, ჩვენებაში

„პირში ყ...ეს ჩაგიდებ და ისე გამღერებ, შე მუ...ლოო“ - რა წერია ბირჟა მაფიის წევრის, გიორგი ქებურიას, ჩვენებაშიტელეკომპანია „იბერია“ იმ სამართალდამცავების ვინაობას ასახელებს, რომლებმაც რეპერები დააკავეს და გაჩხრიკეს: დავით ბრელაშვილი, სოსო ტვილდიანი, ოთარ ჩეხერია და გიორგი იმერლიშვილი. სამართალდამცავები დაკავების ოქმში დეტალურად აღწერენ, როგორ და სად უპოვეს დაკავებულებს ყვითელი ფხვნილი, რომელიც დალუქეს და ექსპერტიზაზე წაიღეს.

„იბერია“ ასევე ავრცელებს დაკავებულების ჩვენებებს, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

დავით ბრელაშვილი არის დეტექტივ-გამომძიებელი, რომელმაც უშუალოდ შეადგინა დაკითხვის ოქმი. საუბარია გიორგი ქებურიაზე და 7 ივნისს გაფორმებულ ოქმზე.

აი, რა წერია გიორგი ქებურიას ჩვენებაში:

– გამომძიებლის მიერ განმემარტა ჩემი, როგორც ბრალდებულის უფლება-მოვალეობები, რასაც სრულად ვაცნობიერებ. ასევე გეტყვით, რომ გამოკითხვისას ადვოკატის დახმარებას არ ვსაჭიროებ და ინფორმაციას მოგაწვდით მისი მონაწილეობის გარეშე.

თქვენ მიერ დასმული კითხვების ირგვლივ გიჩვენებთ შემდეგს – ვცხოვრობ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად. 2017 წლის 7 ივნისს საღამოს საათებში ვიმყოფებოდი თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 47-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ჩემთან მოვიდნენ დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლები და მითხრეს, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია, მე როგორც პირადად, ასევე ჩემს მართვის ქვეშ მყოფ მანქანაში უნდა მქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რაზედაც ერთ-ერთმა პოლიციელმა წარმომიდგინა დადგენილება გადაუდებელ შემთხვევაში ჩემი პირადი ჩხრეკის შესახებ.

მე გავეცანი დადგენილებას და დავადასტურე ხელმოწერით, რის შემდეგაც მათ ჩამიტარეს პირადი ჩხრეკა, როდესაც შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამომიღეს თეთრ ქაღალდში მოთავსებული მოყვითალო ფერის ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დაილუქა ადგილზევე. ასევე გეტყვით, რომ მე თანახმა ვარ ჩამიტარდეს ნარკოლოგიური შემოწმება. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე ზემოაღნიშნული ჩემგან ამოღებული მოყვითალო ფერის ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება ვიპოვე რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი კორპუსის წინ და აღნიშნული მინდოდა პირადი მოხმარებისთვის. ისე გეტყვით, რომ მე ჯერ არ მომიხმარია ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. მე პოლიციის მიმართ აღნიშნულთან დაკავშირებით და საერთოდაც რაიმე პრეტენზია არ მაქვს. დაბეჭდილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს.

პროკურორებისთვის 9 ივნისს მიცემულ ჩვენებაში კი გიორგი ქებურია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს, ასევე აღნიშნავს, რომ არავითარ ნარკოტიკულ საშუალებას არ ფლობდა.

– გავეცანი დადგენილებას ჩემი ბრალდების შესახებ, სსკ 260 მუხლის 6-ე ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რასაც არ ვეთანხმები, ვინაიდან 2017 წლის 7 ივნისს ვმოძრაობდი ჩემი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით.

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, დაახლოებით დელისის მეტროს მოპირდაპირე მხარეს მდებარე შუქნიშნამდე გზა ჩამიჭრა თეთრი ფერის, თუ არ ვცდები, შკოდას მარკის ავტომანქანამ. საიდანაც გადმოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა პიროვნება, რომლებმაც ყოველგვარი განმარტების გარეშე გადამსვეს თავიანთ მანქანაში, ხოლო ჩემს მანქანაში ჩაჯდა ჩემთვის უცხო პიროვნება.

მე ამ პირებმა თავიანთი მანქანით შემიყვანეს ყაზბეგის გამზირის ერთ-ერთ ეზოში (არკაში), სადაც იყო სტადიონი. ამ ორმა პიროვნებამ გადამსვა შავი ფერის ფოლკსვაგენის მარკის ავტომანქანაში. ასევე ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, სადაც ათი წუთის განმავლობაში არავინ არაფერს მეუბნებოდა. ამ დროს ამ მანქანაში თავი შემოყო ჩემთვის უცხო პირმა და მითხრა „პირში ყ…ეს ჩაგიდებ და ისე გამღერებ შე მუ…ლოო“. აღნიშნული უცენზურო სიტყვების გამო მე მივხვდი, რომ მიწყობდნენ პროვოკაციას და აპირებდნენ ჩემს უკანონოდ დაკავებას კლიპის გამო.

ჩემთვის უცხო პიროვნების მიერ ჩემი შეურაცხყოფის შემდეგ მოდის სხვა პიროვნება, ჯდება მანქანის სალონის წინა მარჯვენა მხარეს, როდესაც მე ვზივარ უკანა სავარძელზე და ორივე მხრიდან მიზიან პოლიციელები, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. ახალმოსული პიროვნება მომიბრუნდა და მითხრა, რომ შემოსული იყო სატელეფონო ზარი, ინფორმაციით, რომ მე თან უნდა მქონოდა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც მე განვაცხადე უარი, ვინაიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ მქონია.

ჩემი დაკავებიდან გასული იყო დაახლოებით ნახევარი საათი, აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანა დაიძრა და ყაზბეგის ქუჩის მცირე მონაკვეთის გავლით მივედით ისევ იმ შესახვევთან, სადაც მოხდა ჩემი უკანონო დაკავება და ავტომობილი გაჩერდა ჩემი მანქანის წინ, რომელსაც მდებარეობა შეცვლილი ჰქონდა.

ამ დროს იმ პიროვნებამ, რომელმაც მითხრა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს მე ვინახავდი ნარკოტიკულ საშუალებას, მაჩვენა რაღაც ქაღალდი და მითხრა, რომ მასზე ხელი მომეწერა. ეს იყო დადგენილება მანქანის ჩხრეკის შესახებ. ამის შემდეგ ჩემი თანდასწრებით გაჩხრიკეს მანქანა, დაახლოებით 5 წუთი და ისიც ფორმალურად, რომლის შემდეგაც შეადგინეს ავტომობილის ჩხრეკის ოქმი, რომელზეც ისე მომაწერინეს ხელი, რომ მისი შინაარსი ჩემთვის დღემდე უცნობია, ისევე, როგორც ვინაობა იმ პიროვნებისა, ვინც ეს ოქმი შეადგინა მანქანის ჩხრეკა ისე ჩატარდა, რომ ხელბორკილები უკვე მედო.

კატეგორიულად ვაცხადებ – მე ჩემი უკანონო დაკავების მომენტში არავის გავუფრთხილებივარ და ჩემს პირად ჩხრეკაზე არანაირი პირადი ჩხრეკის ოქმი არ შედგენილა და ეს არის სიყალბე. პოლიციის დეპარტამენტში უკანა ეზოდან შემიყვანეს სამორიგეოში, სადაც იქ მყოფ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ზუსტი დრო არ მიეთითებინათ ჩემი შემოყვანის, აღნიშნულის შემდეგ ხელბორკილებდადებული ლიფტით ამიყვანეს, მგონი, მეხუთე სართულზე, სადაც ასევე ჩემთვის უცხო პიროვნებამ მითხრა, რომ თითქოს მე აღმომაჩნდა ნარკოტიკი ელესდე. მე მას ვუპასუხე, რომ არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ მქონდა და ეს იყო პროვოკაცია ჩემ მიმართ და მოვითხოვე ჩემთვის საშუალება დავკავშირებოდი ჩემს ოჯახს ჩემთვის სასურველი ადვოკატის მიწვევის მიზნით, რისი საშუალებაც მე მომისპეს. კაბინეტში ჩემთვის უცხო პიროვნებამ მბრძანებლური ტონით მითხრა, რომ ჩემთვის აჯობებდა, ხელი მომეწერა აღიარებით ჩვენებაზე და პირადი ჩხრეკის ოქმზე, ისე, როგორც მკარნახობდა გამომძიებელი და მე ჯარიმის დაკისრებით გამიშვებდნენ სახლში.

შემდეგ დამაბრუნეს იქ, საიდანაც შემიყვანეს და იმავე პიროვნებამ, ვინც მანქანის ოქმზე მომაწერინა ხელი, ასევე დაწერა ხელით რაღაც დოკუმენტი. სადაც ჩემი ხელით და მისი კარნახით თითქოს მე ნებაყოფლობით წარმოვადგინე ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც იყო მოყვითალო ფერის.

აქვე მომაწერინა ხელი, ხოლო შემდეგ სხვადასხვა ქაღალდებზე მომაწერინა ხელი. თუ მე მათ კატეგორიულ მოთხოვნას არ დავემორჩილებოდი, ციხეში გამიშვებდნენ იმ კლიპში მონაწილეობისთვის, რომელზეც ზემოთ ვთქვი, – ნათქვამია გიორგი ქებურიას გამოკითხვის ოქმში, ჩვენებაში, რომელიც მას პროკურატურას 9 ივნისს მისცა.

ნიუპოსტი