გარდაცვლილის სახელი 2009 წელს ქუთაისში მომხდარ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებს, სადაც ორი ახალგაზრდა დაჭრეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობის მოტივი სწორედ ქუთაისში მომხდარი შემთხვევა იყოს.
სამართალდამცავები 27 წლის გიორგი ფირცხელიანის მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ. როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში განუცხადეს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ამჟამად მის დასაკავებლად ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
– ქ. თბილისში ვაჟა – ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია, ამჟამად მის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, – აღნიშნავენ შს სამინისტროში.
ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით 24 ივნისს, გვიან ღამით დაჭრეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ფირცხელიანის სახელი 2009 წელს ქუთაისში მომხდარ კრიმინალურ გარჩევაში ფიგურირებს, სადაც ორი ახალგაზრდა დაჭრეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობის მოტივი სწორედ 8 წლის წინ ქუთაისში მომხდარი შემთხვევა იყოს.
როგორც “ნიუპოსტმა” გაარკვია, ახალგაზრდას ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა ფშაველას მიმართულებით მეორე იარაღიანი ახალგაზრდა მოსდევდა, რომელმაც დევნის მომენტში მას ორი ტყვია ესროლა, შემდეგ კი წაქცეულს ხუთი ტყვია დაახალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას.

