შოთა პაკელიანის შესაძლო ცემასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“2017 წლის 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შოთა პ. დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც შსს-ში imedinews-ს განუცხადეს, პოლიციის უფროსი რამდენიმე დღეა გათავისუფლებულია და ეს გადაწყვეტილება დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან არ არის დაკავშირებული.
ამ კადრებში კი კარგად ჩანს, როგორ შეჰყავთ პოლიციელებს პაკელიანი განყოფილებაში და უცხო პირების თანდასწრებით, რომლებიც ჩხრეკაში მონაწილეობას არ იღებენ, აშიშვლებენ მას. ვიდეოკადრებს “ლიბერალი“ ავრცელებს.
პაკელიანის დაკავების პროცესში პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ 31 მარტს დაიწყო.

