დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისში ჩამოსვლასა და „საპატრიარქოსთან განთავსებას“ გეგმავს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” მამა გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, ოჯახი დღეს საპატრიარქოდან პასუხს კიდევ დაელოდება, ხვალ ან ზეგ კი, ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები თბილისში, საპატრიარქოსთან ჩამოვლენ და პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვენ.
– დავდგებით, ვიდრე არ მიგვიღებენ. დღეს ვადროვებთ მათ. თუ არ დაგვირეკავენ და თუ არ შეგვითანხმდებიან კონკრეტულ დღესთან დაკავშირებით, მაშინ, ხვალ ან ზეგ უკვე უკიდურეს ზომას მივმართავთ.
საპატრიარქოსთან მამაოს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დავდგებით მანამ, სანამ არ მიგვიღებენ. ოჯახში 10 ადამიანი ვართ. დაპირებები არის ყოველ დღე, მაგრამ კონკრეტული დღე რომ მოვა, იმ დღეს დამირეკავენ და მეუბნებიან, რომ პატრიარქი ან შეუძლოდ არის, ან სხვაგან მიდის, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

