– ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ აფგან მუხთარლის გატაცების სცენებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ამოღებული ჩანაწერები ყველა იმ ადგილიდან, რომელიც სამართალდამცველებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატმა მიუთითა, გადაეცა აფგან მუხთარლის ადვოკატსაც, თუმცა მას „არ მოეწონა“, რადგან გატაცება არ ჩანს.
– აბსურდული და დაუჯერებელი ვერსიებიც კი მოვისმინეთ ამ საქმეზე. სენსიტიური საქმეა და სახელმწიფოებრივ მიდგომას საჭიროებს. ასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, ამოღებულია ჩანაწერები, გამოძიება ერთ ადგილზე არ დგას. ხდება ამ ჩანაწერების ანალიტიკური დამუშავება. მის ადვოკატსაც გადაეცა, მაგრამ მას არ მოეწონა, რამდენადაც იქ არ ჩანს გატაცების მომენტი. ჩვენ ხელოვნურად ვერ დავდგამთ გატაცების სცენებს და მისთვის სასურველ სცენარს. ობიექტურად რა მოცემულობაც გვაქვს, მივყვებით. მინდა ყველას მოვუწოდო, უნდათ თუ არ უნდათ, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ვითომ გულშემატკივრებს, ვითომ აღშფოთებულებს მინდა ვუთხრა, რომ გამოძიება აუცილებლად დასრულდება და დაიდება კონკრეტული დასკვნა, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გამორიცხა შს სამინისტროს და ყველა ძალოვანი უწყების ჩართულობა მუხთარლის შესაძლო გატაცებაში.
– არ მჯერა, რომ ვინმეს სჯერა, თითქოს შუადღისით, თბილისის ცენტრში ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები იტაცებენ ჯან-ღონით სავსე ადამიანს და დამნახავი არავინ არის, არ არსებობს მოწმე, არ არსებობს არც ერთი ვიდეოჩანაწერი, სადაც შეიძლება ჩანდეს ფორმაში ჩამული ადამიანების გადაადგილებაც კი“, – განაცხადა შს მინისტრმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ მიდის შს მინისტრი პარლამენტში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მღებრიშვილის თქმით, ის ესაუბრება ადამიანებს, ვისაც ესმით არგუმენტები და ფაქტებს ითვალისწინებენ – ჰქონდა შეხვედრა უმრავლესობასთან, ხოლო ვისაც არ უნდა მოისმინოს არგუმენტები, ამ ადამიანებთან შეხვედრაზე დროს „ნამდვილად არ დაკარგავს“.

