გურამ ფოცხიშვილის და დიმა ომოლჩენკოს მკვლელების ”ფოლკსვაგენი” ქობულეთშია ნაყიდი

გურამ ფოცხიშვილის და დიმა ომოლჩენკოს მკვლელების ”ფოლკსვაგენი” ქობულეთშია ნაყიდიოზურგეთში 2 დღის წინ მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ნიუპოსტის“ რეგიონალური კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, თავდამსხმელთა ვინაობა პოლიციისთვის სავარაუდოდ ცნობილია.

არსებული ინფორმაციით, შავი ფერის „ფოლკსვაგენის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ და შემდეგ ერთ-ერთ სოფელში დაწვეს, ოზურგეთში არსებული ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოთვალმა დააფიქსირა.

პოლიციამ ასევე აღნიშნული ავტომობილის მფლობელს, ქობულეთში მიაკვლია. ჩვენი ინფორმაციით, ქალი ამბობს, რომ ავტომანქანა მან ორ ოზურგეთელ ახალგაზრდას ერთი თვის წინ მიჰყიდა.

– მე რამდენჯერმე დავუკავშირდი ამ ახალგაზრდებს, ვთხოვე, გადაეეფორებინათ ავტომანქანა, მაგრამ ეს არ მოხერხდა, -ამბობს ქალი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმაში მონაწილეებმა საქართველო უკვე დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროის ერთ-ერთ სისხლიან მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც “ნიუპოსტს” უწყებაში უთხრეს, ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. შსს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტ დეტალზე არ საუბრობს.

ცნობისთვის, ორი დღის წინ ოზურგეთში 2 მამაკაცი ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ე.წ ქურდულ გარჩევას უკავშირდება.
გარდაცვლილთაგან ერთს გურამ ფოცხიშვილს, კრიმინალური წარსული აქვს. გურიაში დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ მისი მკვლელობა იყო დაგეგმილი.
მეორე კი მისი დის ქმარი, დიმა ომელჩენკო, ოზურგეთის ტაძრის სტიქაროსანი იყო და მას ბავშვობიდან შემოქმედის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები ზრდიდა. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ 31 წლის ომოლჩენკო, იმიტომ მოკლეს, რომ ის ფოცხიშვილის მკვლელობის ერთადერთი მოწმე იყო.

ნიუპოსტი