“კულა” ჩაქაფულის და ტოლმის კონსერვების წარმოებას იწყებს

"კულა" ჩაქაფულის და ტოლმის კონსერვების წარმოებას იწყებსხილისა და ბოსტნეულის წარმოების შემდეგ კომპანია “კულა’’ ხორცის კონსერვების წარმოებაზე გადადის. “კულას” ახალი საწარმო უკვე შევიდა ექსპლუატაციაში და უახლოეს პერიოდში გამოუშვებს ისეთ ქართულ ტრადიუციულ კერძებს, როგორიც მაგალითად ჩაქაფული და ტოლმაა. კომპანიის ხელმძღვანელი, ვანო გოგლიძე “საქმის კურსთან” საუბარში აცხადებს, რომ საწარმო ერთ ცვლაში 5-დან 7 ტონამდე დაკონსერვებულ პროდუქციას გამოუშვებს. ხორცის კონსერვების ახალი საწარმოს შექმნაზე მილიონ ნახევრიდან 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
– ჩვენ უკვე ავიღეთ აკრედიტაცია ახალი საწარმოსთვის, რომელიც გამოუშვებს რამდენიმე სახეობის ხორცის კონსერვს. ჩვენ უკვე გამოვუშვით და ვაპირებთ გავაგრძელოთ ისეთ ქართულ ტრადიციული კერძების წარმოება, როგორებიცაა, მაგალითად, ჩაქაფული, ბულაღმა, ჩაშუშული, ტოლმა. ასევე თევზის კონსერვები. საწარმოს სიმძლავრეებიდან გამომდინარე 2 ცვლის შემთხვევაში 10-დან 14 ტონამდე დაკონსერვებული პროდუქციის გამოშვებაა შესაძლებელი, – განაცხადა ვანო გოგლიძემ.
“კულამ” ცოტა ხნის წილ ექსპლუატაციაში გაუშვა ასევე კომპოტების ახალი საწარმო, რომლის წარმადობა ერთი საათის განმავლობაში 4 000 ცალია.
გორის საკონსერვო ქარხანაში წარმოებული პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის გარდა მსოფლიოს 25 ქვეყანაში იყიდება.
bm.ge