ლეილა მუსტაფაევა: საქართველოს ხელისუფლებამ აფგანის გატაცებას თანხმობა მისცა

ლეილა მუსტაფაევა: საქართველოს ხელისუფლებამ აფგანის გატაცებას თანხმობა მისცასაქართველოს ხელისუფლებამ აფგანის გატაცებას თანხმობა მისცა – ეს განცხადება, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ გააკეთა. მუხთარლის მეუღლე ირწმუნება, რომ, საქართველოში მისი მეუღლის გატაცების საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და სიმართლის დამტკიცების ერთადერთ საშუალებად, სტრასბურგის სასამართლო რჩება.
აფგან მუხთარლის ადვოკატები ევროსასამართლოსთვის სარჩელზე მუშაობენ. დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან იმ დარღვევების დადგენას ითხოვს, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების პროცესში იკვეთება.
– ფაქტები ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს. გამოძიებას შესაძლებლობა ჰქონდა, დაედგინა გამტაცებელთა და იმ პირთა ვინაობა, ვინც აფგანს გატაცებამდე უთვალთვალებდა, თუმცა ეს არ გაკეთებულა. ვფიქრობ, ყველაფერი გამიზნულად ხდება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას თანხმობა მისცა. ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს, – აცხადებს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა.