ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ქარის ელექტროსადგურის აქციების შეძენას გეგმავს. როგორც ვალიშვილმა “საქმის კურსს” განუცხადა, იგი ობიექტის ბირჟაზე განთავსების პირობებს გაეცნობა და სავარაუდოდ, აქციას, ან აქციებს შეიძენს.– ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ენერგეტიკულ პროექტებში თანამონაწილეობის საშუალება ეძლევა მოქალაქეებს და მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, დიდი სურველი მაქვს, რომ ეს შანსი გამოვიყენო და გავხდე ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტის აქციონერი, – განაცხადა ვალიშვილმა.
რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურის საფონდო ბირჟაზე განთავსების საკითხს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით ეს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო.
– თავდაპირველად ლაპარაკი იყო პრივატიზაციის ფორმით წასვლაზე. დისკუსიის დროს ასეთი რამ გამოვლინდა, რომ საკვალიფიკაციო პარამეტრებში რეალურად მცირე აქციონერების შესვლის საშუალება არ არის. მხოლოდ ერთ-ორ კომპანიას, ან გარკვეული კრიტერიუმების მქონე ფინანსური შესაძლებლობების მქონე ჯგუფს შეეძლებოდა მონაწილეობის მიღება, – განაცხადა ვალიშვილმა.
მისივე თქმით, ბირჟაზე აქციების განთავსების ერთ-ერთი მოტივი თავად საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარების ხელშეწყობაა.
– ჩვენი საფონდო ბირჟა არ არის განებივრებული ასეთი ტიპის შეთავაზებებით და ეს პირველი პრაგმატული ნაბიჯი იქნება ამ ბირჟის განვითარების კუთხით. ბუნებრივია, წარუმატებელი კომპანიის გაყიდვის იმედი არავის აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქარის სადგურის პროექტი საკმაოდ წარმატებულია. ყველა რისკი პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით ახალ მფლობელს არ ექნება. ანუ ეს არის მოქმედი ბიზნესი, რომელიც უფრო კარგად იყიდება, ვიდრე რაღაც თეორიული პროექტები. აქამდე არაერთი ინტერესი დაფიქსირდა, აქ დასამალი არაფერია, უბრალოდ ჩვენ მაქსიმალური სარგებლიანობა გვინდა ამ პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, – განმარტა ვალიშვილმა.
bm.ge

