ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის თანამშრომელს ბრალს დღეს წარუდგენენ. აღიარებს თუ არა დანაშაულს ოთარ აბესაძე, ამ დრომდე უცნობია. დაკავებული სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გვიან ღამით მისმა უფლებადამცველმა მეორედ მოინახულა.

ირმა ჭკადუას ინფორმაციით, აბესაძეს ემოციური ფონის გამო დამამშვიდებლები აქვს მიღებული და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცვის ქვეშ მყოფთან საქმის დეტალებზე საუბარი კვლავ ვერ მოხერხდა.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარეს საქმის მასალები ამ დრომდე არ გადასცემია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე გუშინ დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.

აბესაძის დაკავების შესახებ თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო.

imedinews.ge