თბილისის საქალაქო სასამართლოში „ფოტოგრაფების საქმეზე“ დეპუტატი ეკა ბესელია იკითხება. ბესელია 2006 წელს, გიორგი აბდალაძის ადვოკატი იყო , როდესაც ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატი მაშინ აცხადებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, აბდალაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და მას მუქარით აიძულებდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას.
ბესელიას თქმით, საქმეში კონტრდაზვერვის თანამშრომლები იყვნენ ჩართულები. – პირველივე შეხვედრისთანავე მივხვდი, რომ გიორგი იყო დათრგუნული და კომუნიკაცია უჭირდა. ის ღია ტექსტით ვერ საუბრობდა, იქ ჩაწერა ხორციელდებოდა. მან თავიდანვე მითხრა, რომ არ აღიარებდა ბრალდებას. როდესაც შიმშილობა დაიწყო, მასზე ფსიქოლოგიური წნეხი გაიზარდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრა, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტდა თანამესაკნეების გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, – აცხადებს ბესელია.
ბესელიას განცხადებით, აბდალაძემ ციხეში შეხვედრის დროს უთხრა, რომ ოჯახის წევრების სიცოცხლით ემუქრებოდნენ.
imedinews.ge

