სოსო ოხანაშვილი საქართველოში ჩამოსვლასა და სასამართლოში დაკითხვაზე უარს აცხადებს

სოსო ოხანაშვილი საქართველოში ჩამოსვლასა და სასამართლოში დაკითხვაზე უარს აცხადებსდეკანოზის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ილია მეორის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სასამართლოში დაკითხვაზე უარს აცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

– დავუკავშირდით ოჯახის წევრს, რომელმაც გვითხრა, რომ იმყოფება გერმანიაში და არ აპირებს ჩამოსვლას. ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ რაც გამოძიების ეტაპზე აქვს მიცემული ჩვენება, იმის გამოქვეყნება მოხდეს სასამართლოზე, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

მისივე თქმით, ოხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების შუამდგომლობას პროკურატურა დღეს დააყენებს.

თუკი მოსამართლე აღნიშნულ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ამის მიუხედავად შესაძლებელია, სოსო ოხანაშვილი დაკითხვაზე მაინც დაიბარონ. პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი მოწმეთა სიაში დაცვის მხარესაც ჰყავს შეყვანილი და შესაძლებელია, მათი შუამდგომლობის საფუძველზე ოხანაშვილი დისტანციურად დაიკითხოს.

გიორგი მამალაძის პროცესზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი დღეს დაკითხეს.

დღესვე კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დისშვილი ქეთევან შიოლაშვილი დაიკითხა. ქეთევან შიოლაშვილის სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შორენა თეთრუაშვილი წინა სასამართლო სხდომაზე დაკითხეს.

სასამართლოს ჩვენებები მისცეს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელმა; პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა; ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, თეოდორემ.

დეკანოზის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში 19 მაისს დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რასაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

imedinews.ge