სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, თელავის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი კონკრეტულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქრთამის სახით 30.000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
– სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თვითმმართველი თემი – თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 30.000 აშშ დოლარის გადახდა.
ზაზა ზაზაშვილმა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 15.000 აშშ დოლარი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩაარიცხინა საკუთარ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), – განაცხადეს სუს-ში.
ინტერპრესნიუსი

