დღეს, დილის პირველ საათზე, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარ ”კანუდოსთან” პოლიციელებმა მოქალაქე გიორგი გიორგიძე 260-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გაჩხრიკეს. ადგილზე 100-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც ჩხრეკას აკვირდებოდნენ და ამბობდნენ, რომ პოლიციელები გიორგი გიორგიძისთვის ნარკოტიკული ნივთიერებების ჩადებას ცდილობდნენ.
შეკრებილებს შორის იყვნენ ბარის თანამშრომლები, ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტები და გიორგი გიორგიძის მეგობრები. თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ გიორგიძე ბართან მოპედის დაყენებას ცდილობდა, როდესაც რამდენიმე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა მოპედიდან ჩამოაგდო. შეკრებილების ნაწილი ამბობს, რომ პოლიციელებმა ფიზიკურადაც იძალადეს და გიორგიძის მოპედი დააზიანეს.
ჩხრეკის მიმდინარეობისას დაკავებულთან ერთად ადვოკატი გიორგი მახარაძეც იმყოფებოდა, რომელიც ოქმის შედგენასა და ჩხრეკას ესწრებოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. ისინი დაკავებულს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავებიან, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
მოგვიანებით გიორგი გიორგიძე დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. როგორც დაკავებული ამბობს, პოლიციელებმა მას ნახევარი აბი დამამშვიდებელი ”ქსანაქსი” უპოვეს.
– ამოღებული ნივთიერება თავისუფალ ბრუნვაშია და სააფთიაქო ქსელებში ურეცეპტოდ იყიდება. გამოძიება უნდა დარწმუნდეს, რომ ნარკოტიკი არ არის და ამიტომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. სწორედ ამის შემდეგ გაათავისუფლებენ დაკავებულს. ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პრობლემაზე, რაც ზოგადად ახლავს ოპერატიულ ინფორმაციას. არ არსებობს გადამოწმების სამართლებრივი მექანიზმი, ნებისმიერი ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე შეიძლება გაგჩხრიკონ და დაგაკავონ, რაც ძალიან დიდი ხარვეზია. ჩხრეკის დროს უკვე ვმონაწილეობდი საგამოძიებო მოქმედებებში, როგორც დამსწრე. ამოიღეს პირადი ნივთები, რომელიც ჩვენი თანდასწრებით დაილუქა. დაკავებულმა ყველა დოკუმენტზე მოაწერა ხელი, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.
ამოღებულია საძილე-დამამშვიდებელი მედიკამენტი “ქსანაქსის” აბი, დაფხვნილ მდგომარეობაში. დაკავებულმა ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, პოლიციის მხრიდან დარღვევა არ ყოფილა.
imedinews.ge

