ადვოკატი ცინცქილაძე: ”მიხეილ იაშვილს კახა ძნელაძის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს… გამოძიებამ ბრალდებულის შვილის მოპედი ამოიღო”

ადვოკატი ცინცქილაძე: ”მიხეილ იაშვილს კახა ძნელაძის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს... გამოძიებამ ბრალდებულის შვილის მოპედი ამოიღო”ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ბრალდებას მკვლელობის მოტივი არ უწერია.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარე მოტივის გარეშე ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის მიზნით მოკლა მიხეილ იაშვილმა კახა ძნელაძე, რაც, ადვოკატის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, უფლებადამცველი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის დასადასტურებლად, რომ მიხეილ იაშვილმა მართლაც ჩაიდინა აღნიშნული მკვლელობა.
– როგორც ჩანს ამ ეტაპზე გამოძიებას არ აქვს მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შურისძიების მოტივით თითქოსდა მოკლა კახა ძნელაძე. ამ ეტაპზე ბრალდების მხარე მოტივის გარეშე ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის მიზნით, ასე ვთქვათ, გამოასალმა სიცოცხლეს ძნელაძე იაშვილმა. ამ ეტაპზე არ გვაქვს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებდა. რაც შეეხება შურისძიებას, ამის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა, მაგრამ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება მოპედს, ადვოკატის განმარტებით, ჩატარდა ბრალდებულ მიხეილ იაშვილის სახლის ჩხრეკა. მისივე თქმით, გამოძიებამ ამოიღო ის ნივთები, რომელთაც კავშირი არ ჰქონდა კახა ძნელაძის მკვლელობის ფაქტთან, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, სამართალდამცველებმა საჭიროდ ჩათვალეს გარკვეული ნივთების ამოღება. მათ შორის ამოიღეს მიხეილ იაშვილის შვილის მოპედი, რომელიც ეზოში იყო გაჩერებული.

რაც შეეხება სამართალდამცველების მიერ ნაპოვნ ჩაფხუტს, ადვოკატი ამბობს, რომ ის ბინის ჩხრეკისას არ ყოფილა ამოღებული.

გარდა ამისა, დავით ცინცქილაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და არც ერთ საგამოძიებო ოქმს ხელს არ აწერს. მისივე განმარტებით, ბრალდებული დაკითხვაზე უარს აცხადებს, თუმცა, როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალის წაყენების შემდეგ გამოძიებას სურვილი არ გამოუთქვმს, რომ დაეკითხა მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმეში ბრალდებულის სახით.

ინტერპრესნიუსი