გუშინ, 2 აგვისტოს, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოესთან მდებარე სამხედრო საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის მინისტრის თამაზ წახნაკიას თქმით, 42 დაზარალებული გუდაუთის საავადმყოფოში, 11 კი სოხუმის საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული.
– 60 ადამიანი დაშავდა, 35 რუსია, მათგან 27 ჰოსპიტალიზებულია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ტრავმები აქვთ. მხოლოდ 4 ადამიანის მდგომარეობაა მძიმე, თუმცა საფრთხე მათ სიცოცხლესაც არ ემუქრება, ექიმები ყველაფერს აკონტროლებენ. ამ 2 ადამიანიდან 1 რუსია, – განაცხადა სოხუმში რუსეთის ეგრეთ წოდებული საელჩოს პრესმდივანმა ტურალ ჯავადოვმა.
მანამდე ჯავადოვმა სააგენტო РИА-ს 30 დაჭრილი რუსის შესახებ აცნობა.
აფხაზეთში აფეთქებული სამხედრო საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა 2 პეტერბურგელი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ორივე დაღუპული ქალია – ელენა პოლიაკოვა და ელენა ტიმოფეევა. ისინი ნამსხვრევებმა იმსხვერპლა, როდესაც ცხენებით სეირნობდნენ.
დაშავდა პოდოლსკელი ქალიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქება პრიმორსკოესთან 2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:30 საათზე დაიწყო.
იმედინიუსი

