გუშინ, 25 აგვისტოს, „თანასწორობის მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლევან ბერიანიძე და ამავე ორგანიზაციის წევრი, თორნიკე კუსიანი დილით დააკავეს ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.
ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმის ბულვარში დააკავეს. დაკავებულებს თან სამი ტრანსსექსუალი ქალი ახლდათ.
სამართალდარღვევაში მიჩნეულების განმარტებით, მათ თავდაპირველად უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც ბულვარში მოპედით იმყოფებოდა.
– შემდეგ სხვები მოვარდნენ. გვაგინებდნენ და გვცემდნენ. პოლიციელები მოვიდნენ, მაგრამ გაშველების ნაცვლად, ჩვენ მოგვდგნენ ისინიც… მერე დაგვაკავეს და პოლიციის მეექვსე განყოფილებაში გადაგვიყვანეს. საათობით არ გვაძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების უფლებას, არც უფლებები განუმარტავს ვინმეს, ვითხოვდით ექიმს, – ამბობს ლევან ბერიანიძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილას იყო ვიდეოკამერებიც.
– თავს დაგვესხნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო… პოლიციელები შეგვდგნენ წიხლებით, – უთხრა ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ლევან ბერიანიძემ ჟურნალისტებს, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა.
გუშინდელ სხდომაზე მოსამართლეს დაკავებულების და პოლიციის წარმომადგენლის პოზიციები არ მოუსმენია. საქმის განხილვა გადაიდო, რადგან ადვოკატმა ანა მდინარაძემ სამი მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.
მოწმე პოლიციელების წარმოდგენა გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა დღეისთვის გადადო.
გუშინდელი პროცესის დაწყებამდე ტრანსგენდერმა ქალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბათუმის ბულვარში ლევან ბერიანიძესთან და თორნიკე კუსიანთან ერთად იმყოფებოდა.
– გამოვედით ღამის კლუბიდან და თავს დაგვესხა რამდენიმე პირი იმიტომ, რომ ტრანსსექსუალები ვართ. მალევე პოლიციაც მოვიდა და პოლიციელებიც თავდამსხმელებს შეუერთდნენ, გვცემდნენ. მე სადღაც ბუჩქებში გადამათრიეს. ამ დროს დააკავეს ლევანი და თორნიკე. ალბათ, მეც დამაკავებდნენ, ისევ იქ რომ ვყოფილიყავი, – გვითხრა ტრანსგენდერმა ქალმა.
გუშინ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დღეს კი მათი სასამართლო გაიმართა.
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი 300-300 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ცემის შემთხვევას, ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას თუ ჰქონდა ადგილი, ეს გამოძიების შედეგად დადგინდება.
მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ პოლიციელების მიერ მობილურით გადაღებული ვიდეოკადრები ნახა. კადრებიდან ისმის, როგორ აგინებენ თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე პოლიციელებს დაკავების შემდეგ პოლიციის ავტომანქანაში.
– ეს ადასტურებს იმას, რომ მაშინაც უკმაყოფილო ვიყავით პოლიციელების მოქმედებით, – უთხრა ლევან ბერიანიძემ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებამდე.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, პაატა დიასამიძის მოსაზრებით, ვიდეი ჩანაწერი სასამართლოს საქმისთვის არ უნდა დაერთო, რადგან იგი ასახავდა დაკავების შემდეგ პერიოდს.
– ამ კადრებით დასტურდება, რომ თქვენ მიაყენეთ შეურაცხყოფა სართალდამცველებს, – თქვა მოსამართლემ, ვიდრე დარბაზს დატოვებდა.
ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ბათუმელები, ენ-პი-ეი

