ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს მფლობელი პაატა კვიჟინაძე შემოსავლების სამსახურის მიერ 2011 წელს ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს ფეისბუკზე.
„2 წუთი დამითმეთ, უცებ მოგიყვებით 🙂 ისედაც დიდი მესტატუსეობით არ გამოვირჩევი 🙂 მოკლედ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (ვინც არ იცით, ტურისტული კომპანია მქონდა), 2011 წელს ფინანსთა სამინისტროსთან დამეძაბა ურთიერთობა, მოვითხოვე რა კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს უკან დაბრუნება. აბა, როგორა ხარო(?!) (ვის გაუბედე ტონით) და დღგ-ს დაბრუნება კი არა, ისეთი ჯარიმა “მიფეშქაშეს”, წლებია ვიხდი, ბოლოში ვერ გავედი და იძულებული ვიყავი, კომპანია დამეხურა“, – წერს სოციალურ ქსელში პაატა კვიჟინაძე.
„გასაჩივრებასაც აზრი არ ჰქონდა, სანამ ეგენი იჯდებოდნენ ხელისუფლებაში. ხოდა, ჩემო კარგებო, “არაფერიც არ შეცვლილა” ტიპების გასაგონად უფრო ვყვები ამას – დღესაც მაქვს ტურისტული კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა საზღვარგარეთიდან ტურისტების შემოყვანაა. ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე (თუ „ჩესნად“ მუშაობ), დღგ-ს ზედმეტობა მუდმივად გროვდება და ბიუჯეტში სულ ზედმეტობა გვაქვს. ისეთი მწარე გამოცდილება მივიღე, დიდხანს ვფიქრობდი, გამერისკა თუ არა, ისევ მომეთხოვა კუთვნილი, ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნება“, – წერს კვიჟინაძე.
მისი თქმით, „ძნელია იმ გამოცდილების მერე ვინმეს ნდობა. მაინც გავრისკე და წერილი გავგზავნე შემოსავლების სამსახურში. გაგიკვირდებათ და, ერთ კვირაში მორჩა ყველა პროცედურა… 10 დღეში თანხა უკან დამიბრუნდა. სტატუსებივით არც დითირამბები მეხერხება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი (ჯანსაღი) მიდგომა რიგი საკითხების მიმართ აღნიშვნის ღირსია“, – წერს პაატა კვიჟინაძე საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელში.
ბოლო პერიოდში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საკმაოდ მარტივი და დროში შემჭიდროებული პროცედურების გავლის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენლებს სხვადასხვა წლებში ზედმეტად გადახდილ დღგ-ს სრულად უბრუნებს ანგარიშზე.
პირველი

