დევი ხეჩინაშვილი – “ფასები მირბის, სადაზღვევო პრემია ვერ ეწევა, კომპანიები მინუსში არიან”

დევი ხეჩინაშვილი - "ფასები მირბის, სადაზღვევო პრემია ვერ ეწევა, კომპანიები მინუსში არიან"– ფასები მირბის, სადაზღვევო პრემია ვერ ეწევა ,- ამის შესახებ “საქმის კურსს”სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.
დევი ხეჩინაშვილის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომელიც საქართველოში წამყვანი მიმართულებაა.
ხეჩინაშვილი ამბობს, რომ წლის განმავლობაში სერვისისა და მომსახურების ფასი სამედიცინო სფეროში იზრდება, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფო პროგრამები. მისი განმარტებით, ფასების ზრდასთან ერთად სადაზღვევო პრემია ვერ იზრდება, რამდენადაც ერთწლიანი ხელშეკრულებებია დადებული.
“სადაზღევვო კონტრაქტს დებ ერთი წლით, შიგნით(სამედიცინო სფეროში) მირბის ფასები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ფასებს განსაზღვრავს სახელმწიფო პროგრამები. პროგრამები აძლევს ფასებს განვითარების საშუალებას, ეს ფაქტია. ბიზნესი არ იზრდება, პრემია არ იზრდება, მოცვა არ იზრდება, ზარალიანობა კი იზრდება“,- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
მისი თქმით, დაზღვევის სფეროში ძალიან რთული მდგომარეობაა, რამდენადაც მთელი სექტორის მოგება ძალიან მცირეა.
“ჩვენი წამყვანი თემა მაინც არის ჯანმრთელობის დაზღვევა, სადაც ზარალიანობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. რომ ნახოთ წამყვანი სადაზღვევო კომპანიები, მაგ მიმართულებით მინუსში არიან”,- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
“საქმის კურსმა” სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს სადაზღვევო სექტორის მოგების შემცირების შესახებ ჰკითხა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6-ჯერ შემცირდა. წელს მეორე კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება 2 მილიონი ლარი იყო, შარშან კი – 12 მილიონი.
დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ზოგადად სადაზღვევო სფეროში ძალიან რთული მდგომარეობაა, თუმცა, წმინდა მოგების შეფასებისას მაინც წლიურ მონაცემებს უნდა დაველოდოთ.
მისი თქმით, როდესაც ათასობით ადამიანი მუშაობს მხოლოდ 2 ან 12 მილიონი ლარის გამოსამუშავებლად, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.
“პრობლემა არის ის, რომ ძალიან ნელა ვითარდება დაზღვევის მოცვა ქვეყანაში, სწორედ იმის გამო, რომ აქამდე არ იყო ინსტრუმენტები გამოყენებული, რომელმაც დაძრა დაზღვევა მსოფლიოში. ვგულისხმობ სავალდებულო დაზღვევას, არამხოლოდ სახელმწიფოს მიერ, არამედ კერძო სექტორის მხრიდანაც. მაგალითად, ბრინატენთში საერთოდ არ არის უძრავი ქონების მფლობელების სავალდებულო დაზღვევა, მაგრამ ყველა ქონება არის დაზღვეული, რადგან აშენებულია იპოთეკით და ხელშეკრულებაში არის დაზღვევის მოთხოვნა. ჩვენი საფინანსო ინსტიტუტები კი კრედიტებს იძლევიან ისე, რომ იქ არ არის დაზღვევის კომპონენტი”,- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
ბიზნესმედია