კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე – ”ჩემმა ქმარმა მიხეილ იაშვილი იმიტომ სცემა, რომ ის ტაქსებს ფულს სძალავდა”

კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე - ”ჩემმა ქმარმა მიხეილ იაშვილი იმიტომ სცემა, რომ ის ტაქსებს ფულს სძალავდა”ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა განახლდა. საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე მივიდა. ის სასამართლოს იმ დარბაზში აპირებდა შესვლას, სადაც ბრალდებულ მიხეილ იაშვილს სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა.

ვანდა იმნაძეს უშუალოდ ბრალდებულთან მისვლა სურდა, თუმცა ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და მანდატურებმა არ მისცეს.
– ორმეტრიანი კაცი მიწევს სახლში, ამის მოკლული, – განაცხადა ვანდა იმნაძემ.
გარდაცვლილის მეუღლემ ბრალდებულის ადვოკატსაც მიმართა.

– მკვლელს რომ იცავ, როგორ მიყურებ თვალებში, გულგაგლეჯილი ქმარი მიწევს… არსებობს ადამიანური მორალი, რომელიც არ გაგაჩნია, – მიმართა ვანდა იმნაძემ იაშვილის ადვოკატს.

კახა ძნელაძის მეუღლემ ჟურნალისტებთან ძნელაძე-იაშვილის დაპირისპირების მიზეზებზეც ისაუბრა.

მისი თქმით მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს დაპირისპირება ტაქსების ბიზნესის გაყოფის გამო კი არ ჰქონიათ, არამედ იმის გამო, რომ იაშვილი ტაქსებს ფულს სძალავდა.

– ჩემი ქმარი იმიტომ კი არ ეჩხუბა და სცემა მაგას, რომ ბიზნესი ვერ გაიყვეს. იმიტომ ეჩხუბა, რომ ეგ ფულს ართმევდა ტაქსებს, – განაცხადა იმნაძემ.

ნიუპოსტი, ინტერპრესნიუსი