– რთული კონსტრუქცია გამოდგა, ამიტომ მშენებლობა გაჭიანურდა, თუმცა პროცესი არ ჩერდება, – აცხადებს გურგენიძე.
მისივე მტკიცებით, მშენებლობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და ის სავარაუდოდ, 2-3 თვეში ან მაქსიმუმ წლის ბოლომდე დასრულდება.
კომპანია შპს “კაფსულო“ პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. გურგენიძე მიმდინარე წლის მაისში „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ კომპანია წლის ბოლომდე ბაზარზე პირველ, სატესტო პროდუქციას გამოიტანდა.
როგორც დღეს გურგენიძე განმარტავს, პროექტში მშენებლობის პროცესზე და დასრულების ვადაზე უფრო მნიშვნელოვანი ყავის ხარისხი, ტექნოლოგია და მასზე მომუშავე კვალიფიციური კადრია.
– ჩვენ ვსწავლობთ. თანამშრომლებს ტრენინგებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებლად პერიოდულად ვაგზავნით ხოლმე ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, – აცხადებს გურგენიძე.
“კომერსანტის“ კითხვაზე, რა ბრენდის ქვეშ გაიყიდება შპს „კაფსულოს“ მიერ წარმოებული, ე.წ. აპარატის ყავა, რა საფასო სეგმენტში იქნება წარმოდგენილი და ხომ არ აპირებს ყავის მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობას, გურგენიძე განმარტავს, რომ ბრენდის სახელზე და სხვა დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
მისი განმარტებით, კომპანია „კაფსულო“ ყავისთვის შესაფუთ მასალას საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან შემოიტანს. რაც შეეხება ნედლეულს, ყავა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან,ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ.
გურგენიძე რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან“ განმარტავდა, რომ პროექტის ღირებულება საწყის ეტაპზე 12 მილიონი ლარი იქნება, თუმცა, მას შემდეგ, რაც კომპანია „კაფსულო“ ახალი პროექტების განხორციელებას დაიწყებს, საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „კაფსულოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.
აღნიშნულ ობიექტებზე შპს „კაფსულო” ყავის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობასთან ერთად საგამოფენო დარბაზების მოწყობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. პროექტის განსახორციელებლად კომპანია არანაკლებ 11.277.000 ლარს დახარჯავდა და ჯამში 30 ადამიანს დაასაქმებდა. ყავის გადამამუშავებელი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნებოდა აღჭურვილი და წლის განმავლობაში სავარაუდოდ 500 ტონა მწვანე ყავის ნედლეულს შეისყიდიდა, ხოლო წარმოების წლიური მოცულობა დაახლოებით, 1.200 ტონა იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ შპს „კაფსულო გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება.
სოფო ქსოვრელი, კომერსანტი


შპს “კაფსულო“ კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობას სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაასრულებს. როგორც