ლევან მამაგეიშვილი პოლიციამ ურეკში იპოვა – მას არანაირი თანხა არ ჰქონდა თან

ლევან მამაგეიშვილი პოლიციამ ურეკში იპოვა - მას არანაირი თანხა არ ჰქონდა თან„ოკრიბას“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარებული ლევან მამაგეიშვილი პოლიციამ ურეკში იპოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, ქუთაისის საქალაქო სამმართველოდან გადაგზავნილი მასალების საფუძველზე, 1995 წელს დაბადებული ლევან მამაგეიშვილის დიდუბის ავტოსადგურ “ოკრიბადან” გაუჩინარების ფაქტის შესახებ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქე ლევან მამაგეიშვილის ადგილსამყოფელი დაადგინეს.

გაირკვა, რომ იგი სოფელ გრიგოლეთიდან დაბა ურეკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ამ მომენტისთვის ლევან მამაგეიშვილი თავს კარგად გრძნობს. მის მიმართ რაიმე სახის ძალადობრივ ქცევას ან თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია.

ინტერპრესნიუსი

ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ 22 წლის ქუთაისელი ახალგაზრდა თბილისში დასთან ერთად მანქანის საყიდლად ჩამოვიდა და მათ თან 23 ათასი დოლარი ჰქონდათ. მათივე განცხადებით, ახალგაზრდას კვალი ოკრიბას სადგურიდან დაიკარგა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, როდესაც პოლიციამ ლევან მამაგეიშვილი იპოვა, მას არანაირი თანხა არ ჰქონდა თან.