„ეროვნული ფორუმის“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დაკავებულია. „კურიერის“ ინფორმაციით, ნავთლუღის მაჟორიტარი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
– ზურაბ ნეფარიძე პარტია „ეროვნული ფორუმიდან“ გარიცხულია, თუმცა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ეროვნულ ფორუმში“ დარჩა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულის ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარემ ავთანდილ დავითაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბ ნეფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია შემთხვევით გაიგო.
ავთანდილ დავითაძის განცხადებით, დაახლოებით, ერთი წელია, რაც ზურაბ ნეფარიძე პარტიიდან გარიცხულია.
– თითქმის ერთი წელია, რაც პარტიიდან არის გარიცხული ზურაბ ნეფარიძე, მაგრამ როგორც ძველი წევრი, ჩვენთან თანამშრომლობდა. წესდებასთან რაღაც პარტიული შეუსაბამობა ჰქონდა. როგორც მახსოვს, გასულ წელს არჩევნების შემდგომ მოხდა მისი გარიცხვა, – განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.
სუს-ის განცხადებით, ზურაბ ნეფარიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, თუმცა სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სავარუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
1992-1998 წლებში ზურაბ ნეფარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამძებრო და საგამოძიებო სამმართველოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. ის არის ,,ადვოკატთა კორპორაციის’’ და საქართველოს ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი. ზურაბ ნეფარიძე იყო საადვოკატო ბიურო ,, ნეფარიძე და კომპანიას“ დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ ნეფარიძე კორუფციის ბრალდებით ერთხელ უკვე იყო დაკავებული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

