ოთარ აბესაძე შეიძლება პატიმრობიდან გაათავისუფლონ – “მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის”

ოთარ აბესაძე შეიძლება პატიმრობიდან გაათავისუფლონ - "მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის"ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს.
დღეს აბესაძის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობასთან ერთად, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ.
დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ოთარ აბესაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გირაოთი შეიცვალოს. ამასთან, ადვოკატები კვლავ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, იმ პერიოდში, როდესაც გამოძიება აბესაძეს დანაშაულის ჩადენას ედავება, ის საჯარო მოხელე უკვე აღარ იყო.
ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. გამოძიება მას მოქალაქისთვის მტკვარზე გარკვეული კონსტრუქციის განთავსების ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის მოთხოვნასა და აღებას ედავება.
ოთარ აბესაძე თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს. აღნიშნული განმარტება მერიის თანამშრომელმა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გააკეთა.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, ის ნაწილობრივ იზიარებს პასუხისმგებლობას და გარკვეულ გარემოებებზე სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას ისაუბრებს.
– მზად ვარ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის, მზად ვარ მხოლოდ იმ იურიდიულ ჩარჩოებში, რომელსაც მე და დაცვის მხარე მივიჩნევთ რომ უნდა მიდიოდეს პროცესი. ნაწილობრივ ვიზიარებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, პირველ რიგში კი ჩემს ოჯახს შექმნილი ვითარების გამო, – აღნიშნა აბესაძემ.

ინტერპრესნიუსი