პიცა ბიტკოინით – საქართველოში კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი ხდება

პიცა ბიტკოინით - საქართველოში კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელი ხდებასაქართველოში ბიტკოინით გადახდა შესაძლებელი ხდება.
კომპანია “პრეგო” გადახდის საშუალებად ბიტკოინის დამატებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელი ნოდარ ბაღიშვილი „საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ სისტემის ამოქმედების შემდეგ „პრეგო“ იქნება პირველი კომპანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, სადაც მომხმარებელს გადახდა ელექტრონული ვალუტით შეეძლება.
ნოდარ ბაღიშვილის თქმით, “პრეგოში” ბიტკოინით გადახდა სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება.
– პიცას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბიტკოინის განვითარებაში, რამდენადაც სწორედ პიცა იყო პირველი პროდუქტი, რომელიც ბიტკოინით გაიყიდა. სხვათა შორის, ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება ბიტკოინის საზოგადოებაში.
რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ გადავწყვიტეთ ბიტკოინის დანერგვა… რატომაც არა?! ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ბაზარზე ვოპერირებთ, უკვე სრულწლოვანებიც კი გავხდით. კომპანია კიდევ დიდხანს აპირებს ბაზარზე ყოფნას წარმატებით. გასაგებია, რომ ამჟამად ბიტკოინს საქართველოში დიდი პენეტრაცია არ აქვს, მაგრამ, ალბათ, დროსთან ერთად ბიტკოინიც განვითარდება. რატომ დაველოდოთ მოვლენებს?
უპირველესად, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ „პრეგოს“ აქვს ყველაზე გემრიელი პიცა. მეორე, ტექნოლოგიურად რაც არის საჭირო, ვაკეთებთ ყველაფერს. ძალიან მალე, ალბათ, სექტემბრისთვის ბიტკოინით გადახდა უკვე შესაძლებელი იქნება,- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, “პრეგოს” პარტნიორი e-money იქნება.
ამჟამად კომპანია თბილისში 3 პიცერიით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ კი გაფართოებას საქართველოს რეგიონებშიც გეგმავს.
ბიზნესმედია