სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში ორჯერ მეტი თანხა შევიდა

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში ორჯერ მეტი თანხა შევიდასათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში თითქმის ორჯერ მეტი თანხა შევიდა. საქართველოს ბიუჯეტის 7 თვის მონაცემებით, სფეროდან მიღებულმა შემოსავლებმა 66 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა კი 37 მილიონი ლარი იყო.
მკვეთრი მატება შეინიშნება სათამაშო აპარატებიდან და ელექტრონული ფორმის თამაშებიდან მიღებულ შემოსავლებში.
მხოლოდ სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავლები წელს 13 მილიონი ლარით არის გაზრდილი. თუ შარშან ამ მიმართულებით 23,6 მილიონი ლარი იყო შემოსული, წელს ეს მაჩვენებელი 36,8 მილიონი ლარია.
რაც შეეხება ელექტრონული ფორმის თამაშებიდან მიღებულ შემოსავლებს, წელს შემოსავლები ამ მხრივ 7-ჯერ არის გაზრდილი. თუ შარშან იანვარ-ივლისში მიღებული იყო მილიონ 423 ათასი ლარი, წელს ეს მაჩვენებელი 10,3 მილიონი ლარია.
გაზრდილია სამორინეებისა და კლუბის მაგიდიდან მიღებული შემოსავლებიც. წელს სამორინეს მაგიდიდან 5 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი შევიდა ბიუჯეტში და თანხამ 15,6 მილიონი ლარი შეადგინა. კლუბის მაგიდიდან მიღებული შემოსავლებიც გაორმაგებულია. წელს 7 თვეში ამ მიმართულებით ბიუჯეტში 314 ათასი ლარი შევიდა, შარშან კი ანალოგიურ პერიოდში 139 ათასი ლარი.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროდან მიღებულმა შემოსავლები მიმდინარე წლის 7 თვეში 221 ათასი ლარი იყო, შარშან კი – 113 ათასი ლარი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა.
ბიზნესმედია