შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის მხრიდან ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის, ბაქარ ყორშიას ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, ყორშია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა- შენახვას გულისხმობს. როგორც შს სამინისტროში აღნიშნავენ, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზაც. ყორშია ამ დროისთვის ზუგდიდის პოლიციაშია გადაყვანილი.
ანაკლიაში, ”ჯემ ფესტის” მიმდებარე ტერიტორიაზე ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” ერთ-ერთი მხარდამჭერი ბაქარ ყორშია დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ავრცელებს. ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებით, “ბაქარ ყორშია შესაძლოა პოლიციელების მხრიდან ნაცემი იყოს”.

