თამარ ალანია – “გვანცა ყუფარაძეს განაჩენი სწორად გამოვუტანე… მე არ ვარ დაწუნებული კანდიდატი”

თამარ ალანია - "გვანცა ყუფარაძეს განაჩენი სწორად გამოვუტანე... მე არ ვარ დაწუნებული კანდიდატი"– მე არ ვარ დაწუნებული კანდიდატი – წინა კონკურსზე ქულების რაოდენობით რიგით მეოთხე ვიყავი და აბსოლუტურად ლეგიტიმურად მაქვს იმის პრეტენზია და უფლება, რომ კონკურსში კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ სტრასბურის მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროში გასაუბრების დაწყებამდე განუცხადა.
რაც შეეხება ყოფილი პატიმრის გვანცა ყუფარაძისადმი გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას და მისი საქმიანობისადმი კითხვის ნიშნებს, თამარ ალანია განმარტავს, რომ ამ კითხვებზე პასუხს არ გაურბის.
– ის მტკიცებულებები, რომელიც მაშინ იყო წარმოდგენილი და დღესაც არსებობს, არ შეცვლილა და მაძლევდა იმ განაჩენის განსაზღვრის უფლებას და ვალდებულებას, რაც გამოვიტანე. ყველა მოსამართლე ინდივუდუალურად აფასებს ამ მტკიცებულებებს. მე მაშინ ისე დავინახე და შევაფასე არსებული მტკიცებულებები, – განაცხადა თამარ ალანიამ.
თამარ ალანია ასევე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოში მისი საქმიანობის მიმართ არსებულ კრიტიკას.
– ადამიანი თუ არ მუშაობს, კრიტიკაც არ არის. ბუნებრივია ხარვეზები ყოველთვის არსებობს და უხარვეზო არ არის არათუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, არამედ ევროპის არც ერთი სასამართლო და თვით ამერიკის სასამართლოებიც და შესაბამისი სტრუქტურები. ყველანი დგებიან რაღაც კრიტიკის ქვეშ, – განაცხადა თამარ ალანიამ.
მისივე განმარტებით, მას სამოსამართლო გამოცდილების 11-წლიანი სტაჟი აქვს, რაც არ აქვს არც ერთ კანდიდატს. თამარ ალანიას განცხადებით, ის იყო სტრასბურში მივლინებული მოსამართლე და აქვს დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომ მისი სტრასბურში მუშაობის კვალიფიკაცია შეფასდა მაღალი ხარისხით. აქედან გამონდინარე, თამარ ალანიას იმედი აქვს, რომ სტრასბურის მოსამართლეობის ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთი ის იქნება.

ინტერპრესნიუს