თამარ მეარაყიშვილი გამოუშვეს და ხვალ ცხინვალის პროკურატურაში დაიბარეს

თამარ მეარაყიშვილი გამოუშვეს და ხვალ ცხინვალის პროკურატურაში დაიბარესსამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 16 აგვისტოს ე.წ სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ დააკავა, მრავალსაათიანი დაკითხვების შემდეგ სახლში დაბრუნდა, თუმცა 18 აგვისტოს დილით ის პროკურატურაში ისევ არის დაბარებული დაკითხვის გასაგრძელებლად. მეარაყიშვილის დაკავების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, გამომძიებლები ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდნენ.

თამარ მეარაყიშვილი საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე ადრეც საუბრობდა. ის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში დაკითხეს, „ეხო კავკაზა“-სთვის მიცემული კომენტარის გამო. 8 ივნისს კი სამოქალაქო აქტივისტი თვითმხილველების თვალწინ გაიტაცეს და ცხინვალში წაიყვანეს, ის მხოლოდ 24 საათის შემდეგ გაათავისუფლეს.

მეარაყიშვილი რაიონის პრობლემურ საკითხებზე და ხელმძღვანელ პირთა ქმედებების შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქტიურად წერს, ის რესპონდენტის სტატუსით თანამშრომლობს რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთანაც“. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების უკმაყოფილებას სწორედ ეს ფაქტი იწვევს.

ნიუპოსტი