თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ძაგნიძე პროკურატურამ დააკავა – მას 40.000 დოლარის მითვისებას ედავებიან

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ძაგნიძე პროკურატურამ დააკავა - მას 40.000 დოლარის მითვისებას ედავებიანცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების მცდელობის ფაქტზე დედაქალაქის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს.

საუბარია არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ძაგნიძეზე, რომელიც მერიაში მაღალ თანამდებობას 2015-16 წლებში იკავებდა.

ლევან ძაგნიძესთან ერთად, პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. მეორე დაკავებულსაც მერიის არქიტექტურის სამსახურთან შემხებლობა ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ ძაგნიძეს, საუბარია 40.000 ამერიკული დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობაზე.
დაკავებულის ყოფილი უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი აცხადებს, რომ მისი თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
მოსულიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოდან მასთან არავის დაურეკავს და არ დაუკითხავთ.
მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ლევან ძაგნიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დაკავებულის ადვოკატი კახა კვაშილავა კი აღნიშნავს, რომ გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფს თაღლითობას ედავება.
– ბრალის შემადგენლობა რას მოიცავს არ ვიცი, რადგან დოკუმენტაციას არ გავცნობილვარ. ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ეს არის თაღლითობა, – აცხადებს ადვოკატი და განმარტავს, რომ ძაგნიძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და ბრალს არ აღიარებს.
კვაშილავას თქმით, ბრალდებულის დაკავება მისი მერიაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობას არ უკავშირდებოდა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვერ ისუაბრებს, რას უკავშირებს დაკავებული მის დაკავებას.

ლევან ძაგნიძე მთავარმა პროკურატურამ დააკავა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პროკურატურაში განუცხადეს, ძაგნიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19/180 მუხლით, რაც თაღლითობის მცდელობას გულისხმობს. სხვა დეტალებზე ამ დროისთვის პროკურატურაში არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო უწყება ამ საკითხზე განცხადების გავრცელებას გეგმავს.