ვახტანგ გომელაური: „მსგავს სტიქიურ უბედურებებთან გამკლავების პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას“

ვახტანგ გომელაური: „მსგავს სტიქიურ უბედურებებთან გამკლავების პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას“მსგავს სტიქიურ უბედურებებთან გამკლავების პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც მან ბორჯომში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასეთი პრობლემა დგას აშშ-შიც, სადაც ხანძარს კვირების და თვეების განმავლობაში ვერ უმკლავდებიან.

– თვით აშშ-შიც კი უჭირთ ასეთ სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება, როგორიც არის ხანძარი. მათ ყველაზე ძლიერი მეხანძრეები ჰყავთ, თუმცა მსგავს უბედურებებთან გამკლავება უჭირთ. ყოფილა ორკვირიანი, ერთთვიანი ხანძარი, რომელიც მათ ვერ ჩაუქრიათ. აქედან გამომდინარე, რესურსის პრობლემა აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში და ყველგან დგას, ისევე როგორც ჩვენთან, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება ხანძარზე რეაგირებას, გომელაურის თქმით, ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული არ იყო.

– მაქსიმალურად რაც შეძლეს ძალოვანმა უწყებებმა, ის გააკეთეს. ყველა სამსახური, მე ვფიქრობ, რომ დროულად ჩაერთო. შსს მუშობდა და მუშაობს ადგილზე, რომელიც მთავარი სტრუქტურაა ამ მიმართულებით. როდესაც კრიზისული სიტუაცია შეიქმნა, შემდეგ უკვე ჩაერთო კრიზისების მართვის საბჭო. შტაბი შეიქმნა მაშინ, როდესაც ვითარება დამძიმდა. პირველ დღეს არ იყო ასეთი ვითარება, ვინაიდან ჩამქრალი ცეცხლი ქარიდან გამომდინარე, კვლავ გაჩნდა, – განაცხადა გომელაურმა.