ზურაბ ნეფარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

ზურაბ ნეფარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობსთბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ განუცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება და მას ბრალს დღეს წაუყენებენ.
– ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია ბრალის ფორმულირება და მასალები, კონკრეტულად რას ედავებიან. ერთადერთი პოზიცია, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია დავაფიქსიროთ არის ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს, – განაცხადა სულხან კაპანაძემ.

ადვოკატის განცხადებით, მასალების გაცნობის შემდეგ, დაცვის მხარე საკუთარ პოზიციას ჩამოაყალიბებს.
რაც შეეხება იმას, რომ ზურაბ ნეფარიძე „ეროვნული ფორუმიდან“ ერთი წლის წინ გარიცხეს, ადვოკატის თქმით, ნეფარიძე იყო აღნიშნული პარტიის წევრი, თუმცა მისი რიგები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დღეს ზურაბ ნეფარიძე ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა,  სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

ინტერპრესნიუსი