“2018 წელს „ენგურჰესი“ რემონტისთვის არ გაჩერდება”

"2018 წელს „ენგურჰესი“ რემონტისთვის არ გაჩერდება"
“ენგურჰესის“ დირექტორის ლევან მებონიას განმარტებით, მომავალ წელს „ენგურჰესი“ სავარაუდოდ, მხოლოდ გვირაბის დათვალიერების მიზნით შეწყვეტს მუშაობას.
“გაისად თუ გავაჩერეთ, მაქსიმუმ ათი დღით, დათვალიერების მიზნით. რემონტისთვის ოთხთვიანი გაჩერება არ იქნება, იმიტომ რომ ახლა შეირჩა საპროექტო კომპანია, სატენდერო მასალებია მოსამზადებელი, მშენებელი კონტრაქტორებია გამოსავლენი, სპეციალური დანადგარებია მოსატანი და ა.შ“, – განმარტა მებონიამ „საქმის კურსთან“ საუბრისას.
იმ გარემოებაზე, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის ობიექტის გაჩერება 2018 წელს შეუძლებელი იქნება, ენერგეტიკოსი გია არაბიძეც ამახვილებს ყურადღებას.
“წელს “ენგურჰესის“ გვირაბში შესვლა, დათვალიერების მიზნით, 800 მლნკვტ/სთ ელექტროენერგიის შემოტანად დაგვიჯდა. ამიტომ ეს პრობლემაა. უნდა მოიძებნოს გზა, რომ გვირაბი გარემონტდეს, მაგრამ მინიმალური დანახარჯებით. ამიტომ მე ვშიშობ, რომ ჩვენ 2018 წელს ვერ დავიწყებთ სარემონტო სამუშაოებს, რადგან დღეს უკვე უნდა გვქონდეს გამოკვეთილი, რომელ დღეს ვაჩრებთ ჰესს, საიდან მოგვაქვს ენერგია და ა.შ“, – განაცხადა გია არაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესის“ გვირაბის რეაბილიტაცია 2018 წელს იგეგმებოდა. ამის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა.
ბიზნესმედია