აგვისტოში რძე, ყველი და კვერცხი გაძვირდა 5,4%-ით

აგვისტოში რძე, ყველი და კვერცხი გაძვირდა 5,4%-ით 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,2 %, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ 5,7 % შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ერთ თვეში 0.5 % გაიზარდა ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, კერძოდ, რძე, ყველი და კვერცხი გაძვირდა 5,4 პროცენტით, ხილი და ყურძენი 1,7 პროცენტით. ფასები შემცირდა ბოსტნეულზე (-3,8 პროცენტი).

ფასების ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე (2,9 პროცენტი); სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში კი ფასები გაიზარდა 0.9%. ბოლო ერთ თვეში ფასები შემცირდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 0.6%, ასევე ტრანსპორტზე 0,7 პროცენტით.

რაც შეეხება ერთი წლის მონაცემებს, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე 17.5%, ტრანსპორტზე 11.6% და ჯანმრთელობის დაცვაზე 7.8%.

შეგახსენებთ, 2017 წლის მიზნობრივი ინფლაცია 4 პროცენტია.