ანზორ ჩუბინიძე -“ოხანაშვილისთვის არ მითქვამს, რომ მამა გიორგის ჩემოდნიდან ციანიდი ამოიღეს”

ანზორ ჩუბინიძე -"ოხანაშვილისთვის არ მითქვამს, რომ მამა გიორგის ჩემოდნიდან ციანიდი ამოიღეს”სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე „ნეტგაზეთთან“ გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მან სოსო ოხანაშვილს დაკავებული დეკანოზის ჩემოდნის გახსნამდე მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ჰქონდა.

ანზორ ჩუბინიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ 10 თებერვალს მართლაც ესაუბრა სოსო ოხანაშვილს, თუმცა, ჩუბინიძის თქმით, მას ოხანაშვილისთვის არ უთქვამს, რომ ჩემოდნიდან ციანიდი ამოიღეს. მეტიც, ჩუბინიძის მტკიცებით, იმ მომენტში, როდესაც ის ოხანაშვილს ესაუბრებოდა, დადასტურებული ინფორმაცია დეკანოზის დაკავების შესახებ ბერლინის კლინიკაში არ ჰქონია.

– მე მქონდა ინფორმაცია, რომ მამა გიორგისთან და ციანიდთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობდა. მაგრამ ის, რომ მამა გიორგის ჩანთაში ციანიდი აღმოჩნდებოდა [და მე ეს ოხანაშვილს ვუთხარი], ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. მე ჩავედი გერმანიაში, მოვინახულე სოსო და ვუთხარი, რომ მამა გიორგისთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. ამ პერიოდისათვის მამა გიორგი უკვე დაკავებული იყო. მაგრამ იქ ჩხრეკისას რა ექნებოდა, მე ვერ ვიტყოდი. ის კადრები, რომელიც მთელმა საზოგადოებამ ნახა, მე ამის შესახებ ინფორმაცია მქონდა. ეს ვუთხარი სოსოს. მე ვურჩიე, რომ გამოჰყოლოდა თვითმფრინავს, ჩამოსულიყო საქართველოში და მაქსიმალურად დახმარებოდა გამოძიებას სიმართლის დადგენაში. ეს საუბარი გვქონდა მე და სოსოს. მე ამას უბრალოდ ვერ ვეტყოდი, არ მქონდა ინფორმაცია. თუმცა ამ განზრახვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ რა აღმოჩნდებოდა – არა. ალბათ, სოსოც ამას გულისხმობდა, – თქვა ჩუბინიძემ ნეტგაზეთთან.

ანზორ ჩუბინიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დეკანოზ მამალაძის დაკავება იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო დასტური მისი დაკავების შესახებ არ მიუღია, რადგან ეს მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავში იჯდა. ჩუბინიძის თქმით, ინფორმაცია ციანიდის საქმის შესახებ იმ დღეს, ანუ 10 თებერვალს მიიღო, როდესაც გერმანიაში მისი გამგზავრება გადაწყდა. მისი დავალება იყო, ჩასულიყო ბერლინში, იმ კლინიკაში, რომელშიც პატრიარქი მკურნალობდა, ადგილზე გაერკვია ვითარება და შეექმნა უსაფრთხო გარემო.

ჩუბინიძეს ვკითხეთ, ვისი მოკვლა იგეგმებოდა, ილია მეორის თუ სხვა პირის, მაგალითად, შორენა თეთრუაშვილის ან ქორეპისკოპოს იაკობის. ის ამბობს, რომ ეს არ დაკონკრეტებულა.

– ჩემი მთელი დავალება იყო უსაფრთხო გარემოს შექმნა, ვისთვისაც საჭირო იქნებოდა ეს, იქნებოდა ეს პატრიარქი, ქალბატონი შორენა, მეუფე იაკობი თუ სხვა ვინმე, – ამბობს ჩუბინიძე.

„ნეტგაზეთმა“ ანზორ ჩუბინიძეს ჰკითხა, ხომ არ არსებობდა იმ დღეს გარკვეული ეჭვები სოსო ოხანაშვილზეც, პატრიარქის დაცვის იმდროინდელ უფროსზე. რაზეც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი აცხადებს:

– არავითარი… ვერ ვიტყვით, მით უმეტეს, მე არ მაქვს მაგის საფუძველი. თუ რამე ეჭვებია, ეს სხვა ორგანომ უნდა თქვას. სოსოზე არავითარი ეჭვები, პირიქით, მაშინ მე თვითონ ვთხოვე სოსოს, რომ დახმარებოდა გამოძიებას.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ანზორ ჩუბინიძე არ დაკითხულა. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, სოსო ოხანაშვილმა შესაბამისი ინფორმაცია არსებით სხდომაზე გაახმიანა, როცა მხარეებს მოწმეების დასახელება აღარ შეეძლოთ. თუმცა ეს ხომ იყო ახლად გამოვლენილი გარემოება? მიხეილ რამიშვილის აზრით, ჩუბინიძის დაკითხვა პროკურატურას უნდა მოეთხოვა და გაექარწყლებინა ყველა ეჭვი. სხვა შემთხვევაში, როცა გარემოება არ მტკიცდება, ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

წყარო: “ნეტგაზეთი”.