ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ მარიამ კუპრეიშვილთან ერთად დაკავებული გიორგი გვარამია სასამართლოში დუმილის დარღვევასა და ჩვენების მიცემას გეგმავს.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბრალდებულის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა.
გვარამიას, კუპრეიშვილის მსგავსად, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
წარდგენილი მუხლი სასამართლო განხილვების ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარებასაც ითვალისწინებდა, თუმცა ბრალდებულებმა უარი განაცხადეს, რომ მათი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში არის პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ფაქტები, რომელთა გამჟღავნება ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულებთან არ სურთ.
– სავარაუდოდ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მისცემს ჩვენებას მთავარ სხდომაზე. დავარწმუნე, რომ თქვას ის, რაც იცის. რაც შეეხება მარიამ კუპრეიშვილს, მასზე ვერ გეტყვით, კვლავ დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ მისცემს ჩვენებას სასამართლოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს იმას, რაც ბრალად აქვს წარდგენილი. ვერ გეტყვით იმას, რაც სასამართლო პროცესზე უნდა თქვას, მაგრამ იყო იქ გარკვეული გარემოებები.
ამასთან დაკავშირებით დანიშნული გვაქვს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და აქედან გამომდინარე გაირკვევა ბევრი რამ. ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აქვს და ექსპერტიზა მხოლოდ ამის გამო არ ტარდება. უნდა დაdგინდეს, რამეს ხომ არ ჰქონდა ადგილი იქ, ან აუცილებელ მოგერიებას ან ძლიერ სულიერ აღელვებას და ა.შ., – განაცხადა ბონდო ვათიაშვილმა
ადვოკატმა არ გამორიცხა, რომ ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემის შემდეგ მის მიმართ წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს და დანაშაულის შეუტყობინებლობაში გადაუკვალიფიცირდეს.
ამასთან, ადვოკატის მტკიცებით, გიორგი გვარამიას პოლიციაში აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს.
– ჩვენების მიცემისას მას არ ჰყავდა ადვოკატი, ისაუბრა იმ დეტალებზე, რაც არ ყოფილა რეალურად. რუსულენოვანი თარჯიმანიც შუა ჩვენებაში მოუყვანეს, მაშინ როცა უკვე აღიარებული ჰქონდა. იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, კერძოდ, ანახეს ტელეფონით გადაღებული მეორე ბრალდებულის აღიარება. ამასთან, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, – აღნიშნა ადვოკატმა.

