თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის გამგებლის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ნაპირელმა განუცხადა, ა.ე.-ს გამოძიება ღვინის ქარხანაში წარსადგენი ყალბი ცნობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 1.000 ლარის აიღებას ედავება.
დაკავებული ამჟამად კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოში წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
თელავის გამგებლის წარმომადგენელის დაკავებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქემდებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ხოდაშენში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით 1.000 ლარი აიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6–დან 9–წლამდე,” – ნათქვამია განცხადებაში.

