აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურა შესაძლოა, 5 სექტემბერს ოფიციალურად დასახელდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა არ გამორიცხავს, რომ 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე, რომლითაც საშემოდგომო სესია გაიხსნება, მმართველმა გუნდმა აღნიშნულ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს. იმავეს აცხადებს კიდევ ერთი უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი. მისი თქმით, ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ 5 სექტემბერს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ექნებათ.
პირველი არხის ინფორმაციით, უმრავლესობაში აუდიტის სამსახურის მომავალ ხელმძღვანელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილება.
რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. გენერალური აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ამოეწურა. აუდიტის ხელმძღვანელის მოვალეობას ნინო ლომჯარია ასრულებს.

